Friday, August 9, 2013

ფიქრი ოცდამეთოთხმეტე


    გარეთ წვიმს, ზამთრისთვის შეუფერებელი, მსხვილი წვიმაა, ოთახში ჟალუზები აწეული დამხვდა, არ ვიცი რამდენი ხანი მეძინა, საათი, დღე. ბოლო დროს საწოლიდან თავის აწევაც აღარ მინდება, გაუფერულდა ყველაფერი, განაცრისფრდა. ძილში ვნახე სიზმარი, ფერადი სიზმარი… როგორ ვიჯექი კლდის ნაპირას ხის სკამზე და ფეხებს ჰაერში ვაქანავებდი. ზურგსუკანა მინდვრიდან, საღამოს ნიავს  ლილიების და გვირილების სურნელი მოჰქონდა, მე ისევ გრძელი, ქერა თმა მქონდა და ქარის წამოქროლებაზე სახეზე მედებოდა. ვიჯექი, ვუყურებდი მომაკვდავ , ცეცხლისფერ მზეს და ვფიქრობდი: “ხომ შეიძლება დღე 48 საათიანი იყოს,ამ დროში გაზაფხულსაც მოვესწრებოდი, ბევრ ყვავილსაც, ქორწინებასაც, საოჯახო კრედიტს ბანკიდან, სამ შვილს…. მასთან ყოფნას, მასთან ყოფნას, მასთან ყოფნას…” ბოლო ფრაზა მელოდიური იყო, მინორული სიმღერასავით. კლდის ქვემოთ, სილიან ზღვის ნაპირზე ის იჯდა, მზეს მიფიცხებული, თან თვალს ჩემსკენ აპარებდა, მერე ვიღაცა მოვიდა, გვერდით მომიჯდა, მის არსებას ისე ვგრძნობდი როგორც სიცივეს, ვერ ვხედავდი, მაგრამ ვიცი რომ შემემხედა ჩამომჭკნარი სახე და მუქი შავი, ღილივით თვალები ექნებოდა. “იცნობ მას?” შემეკითხა უხმოდ. წამში გამიელვა მილიონობით მოგონებამ, სიცილმა, ტირილმა, კივილმა- ვნებიანმა კივილმა, ოფლის წვეთებმა საფეთქელთან , ზურგს უკან დამალულმა თაიგულმა, ბილიარდის ბურთებმა, შუა ქუჩაში მდგარმა, თმააქოჩრილმა კაცმა, შავმა ინფინიტმა ნაწვიმარ ქუჩაში და მაინც დავიჩურჩულე: “უკვე აღარ”, “ასე ჯობია” მიპასუხა და სიზმართან ერთად გაქრა.
  სამუშაო მაგიდაზე ლარნაკში აწყვია თითქმის დამჭკნარი გვრილები, ფანჯრის გარეთა რაფაზე ხმაურით ეცემა ზამთრის  წვიმის წვეთები, ელოლიავებიან მინებს, ზედ ეკვრიან, თითქოს უნდათ მასში შეაღწიონ , უკარება მინა კი ამსხვრევს მათ და ცრემლად დაღვრილებს ქვემოთ, ალუმინის რაფისკენ ისტუმრებს.

ფიქრი ოცდამეცამეტე


   სადაცაა იანვარი შუაში გადატყდება. არ თოვს, მაგრამ ისეთი ძლიერი ყინვებია, როგორც მხოლოდ ჩრდილოეთის ქვეყნებში იცის. დილის ქუჩაში ხილ-ბოსტნეულით დახუნძლულ ურიკას მოაგორებს ნინა, რუსი ემიგრანტი ქალი, მთელი ხმით გაყვირის და ცალ თვალს ჩემი აივნისაკენ აპარებს, დღეს დილას მეც შემცივდა, თუმცა მაინც გავბედე აივანზე პლედშემოხვეულმა გამოსვლა.
  “გამარჯობა ნინა“
  “ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ ქალბატონო, როგორ ბრძანდებით?“
  “დღევანდელი დღესავით, ბროწეული გაქვთ?“
  “ბროწეულიც მაქვს და ყველაფერიც“
  “ცოტა ხანს დამელოდე, ჩამოვალ.“
 სახლში დილის ჩვეული სიჩუმეა, ამომავალი მზის სხივებზე მტვრის ბურთულები ცეკვავენ, მადუღარა შიშინებს ადუღების წინ, მრგვალ მაგიდაზე დაკუჭული კუპიურები და ხურდებია დახვავებული
  კიბეზე მოკლე, ნელი ნაბიჯებით ჩავდივარ, მახსოვს ის დღე პეტერმა პირველად რომ მომაკითხა სახლში, იმ გაჩეჩილმა ბიჭმა ათვალწუნებით რომ ვუყურებდი
 ყვავილები შენმომაჩეჩა ყვავილების თაიგული
 ვიცნობთ ერთმანეთს?“
 მაშინ ისეთი დაბოღმილი ვიყავი რაღაცაზე, წესიერად არც ველაპარაკე
არა... უფრო სწორად კი... რამოდენიმე ხნის წინათ შევხვდით ქუჩაში, მაშინ მარიკა დაგიძახე, გახსოვთ?“
 

ფიქრი ოცდამეთორმეტე


   ამჯერადაც გადავრჩენილვარ, აზროვნების უნარი რადგანაც შემრჩა.
  თეთრი პალატა დღის შუქითაა სავსე თოვლის თეთრი შუქით, როგორც ჩანს ნამდვილი ზამთარი მოსულა, მოვიდა და დაიწყებს ჩემი სულის წოვას. ალბათ წინათგრძნობაა, რომ მგონია გაზაფხულამდე ვეღარ გავატან.
  ლუსიანა ალბათ სამსახურში წავიდა, როგორ მომენატრა იქაურობა, სტამბის დაგუდული, ცელულოზას სუნი, მტვერი და ხმაური.
   ოთახში ჩუმად შემოდის მაღალი, ხმელი კაცი, ხელში ყავის ჭიქა და შაქარი უჭირავს, გაღვიძებულს რომ მხედავს მიღიმის და ჩემს საწოლთან დადგმულ სკამზე ჯდება
  “ენერგიაზე მოხვედი?”

ფიქრი ოცდამეთერთმეტე


   ერთ  კვირაში მოვიყვანე დღემდე ჩემი “დღიური “ რომელსაც გუშინ სახელიც მოვუფიქრე-“ფიქრები დამწყები ადამიანის ცხოვრებიდან”, სხვაგვარად არც შეიძლება მერქვას, ქვეყანამ, რომელიც სრულიად უცხო იყო ჩემთვის, ცხოვრება მასწავლა, ნელნელა გამაცნო თავისი საიდუმლოებები, თუმცა მგონი აღარ მცალდება ნამდვილ ადამიანად ცხოვრება, ტკივილები გამიხშირდა, ექიმებიც უფრო აძლიერებენ ჩემს წამლებს.
   გუშინ ლუსიანამ სახლი დამილაგა. თვალში მაკლია დაკუჭული ფურცლებით სავსე კალათი, ჭურჭელი ნიჟარაში და არეული საწოლი, რაც მთავარია პეტერი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში არც ერთხელ არ გამოჩენილა.
   აბაზანიდან ახალი გამოსული ვარ, შიშველი ვდგავარ სარკის წინ და საკუთარ სხეულს, როგორც სამუზეუმო ექსპონანტს ისე ვათვალიერებ, ოთახში ოდნავ მკბენარი სიცივეა, ტუჩები გალურჯებული მაქვს, თვალები ჩაყვითლებული, კათეტერის კვალი ისევ მემჩნევა მარჯვენა მხარსა და მკერდს შორის. შესამჩნევად დავსუსტებულვარ, მემჩნევა მხრის წვეტიანი ძვლები, ნეკნები და თეძოები, კანი ავადმყოფურად თეთრია, ალაგ-ალაგ ყვითელი და ლუჯ-მწვანე.

ფიქრი ოცდამეათე


  სტუმრად ლუსიანა მყავს, დეკემბრის ცივი საღამოა, ყავას ვსვამთ და რედაქციის ჭორებზე ვლაპარაკობთ.
  “ბუშემ დამფუძნებლებთან ერთად გადაწყვიტა ხელფასი სიკ… ბოლომდე გადაგიხადონ“
  “სად ბოლომდე? სიკვდილამდე?“
  “ხო არ მინდოდა მასე მეთქვა”
  “სიკვდილი, სიკვდილი, სიკვდილი, ვეღარანაირ გრძნობას ვეღარ მიღვიძებს ეს სიტყვა”
  “ რა გჭირს?”
  “ გუშინ პეტერმა მიმატოვა”
  “რატო?”
  “მითხრა რომ ეგოისტი ვარ და სხვისი მხიარულება მწყინს”
   არაფერი მიპასუხა, სახე ამარიდა და ყავის ფინჯანს ჩააშტერდა.
 “შენც მასე ფიქრობ ხომ?.. მითხარი! რაღაც გამომრჩა ალბათ, რაღაც გამეპარა და ეგ გახდა სათავე ყველაფრისა.
  “საქმე იცი რაშია? მესმის რომ დასასრულის მოლოდინი რთულია, ყოველ წუთს გახსენებს თავს, ჩევნც ვერ ვუძლებთ ამას, ჩვენც გვტკივა გული და ვცდილობთ როგორმე გადაგატანინოთ, შენ კი რას აკეთებ? ხელს გვიკრავ ყველაფერზე და უფრო გვთრგუნავ, თუმცა პეტერის მიკვირს, ყველაზე მომთმენი ის მეგონა.
  “ახლა რაღა უნდა ვქნა? მარტო, თან უსაქმოდ დავრჩი, პეტერი აღარ მოვა, არ ვიცი როდის შემირიგდება, ხო იცი როგორი ამაყია.”
  “აკეთე ის, რისი კეთებაც ყველაზე კარგად გამოგდის, ახლა ხომ ჩარჩოების გარეშე ხარ, მე ეხლა უნდა წავიდე, რვაზე იოსი მოვა”

ფიქრი ოცდამეცხრე


   ზამთარი მოვიდა მთელი თავისი ავლა-დიდებით სითეთრით, ცისფერი ყინვით, ბურუსით დუნაიზე, გაბრაზებული მეეზოვეებით, თოვლის სახვეტი მანქანებით…
   მესამე დღეა ჩემი უქმად ყოფნის, გასულ კვირას განცხადება დავწერე სამსახურიდან წასვლის თაობაზე, მივხვდი აღარ შემეძლო მუშაობა, გონება ხშირად მებნევა ბოლო დროს, მავიწყდება ფაქტები, ადამიანებიც, მომენტალურად ვითიშები  და მერე როდის როდის  მიბრუნდება ცნობიერება, ექიმმა თქვა რომ ასეთი შეტევები  უფრო ხანგრძლივი და ხშირი შეიძლება გახდეს, ამის გამო სახლიდან გასვლაც აღარ მინდა,  მგონი უკვე ძალიან მეშინია.
  ჩემს ლოჯიაში ვზივარ, დივანზე, 12 საათია დღის და მე ისევ პიჟამებში ვარ, პეტერი ჩახუთულ მისაღებში, მრგვალ მაგიდასთან  წელსზევით შიშველი ზის და მადიანად ილუკმება. მე წიგნს ვკითხულობ, ინგლისელი მწერლის რომანი, საიდანაც აზრი მხოლოდ ის გამოვიტანე  რომ სექსუალურად მომწიფებულ XVII საუკუნელ გოგონას აგიჟებს კაცებთან სიახლოვე და ამისგან თავის დასაღწევად იდეალურ საშუალებას გათხოვებას ცდილობს.
  ბლაჰ! როგორ განვითარდა ადამიანთა ცნობიერება, ახლა ამ სურვილების დასაკმაყოფილებლად ქორწინება აღარ არის საჭირო, ახლა საჭიროა მხოლოდ თვალის ჩაპაჭუნება და 11 წუთიანი ამბავი წამში გაიჩარხება...
  პეტერი მობილურს პასუხობს
“გისმენთ!”

ფიქრი ოცდამერვე


  მე შენ მძინარეს გხედავ, გხედავ და ვფიქრობ რისთვის კვდები, ან რისთვის ცოცხლობ?
  მე მძნარეს გხედავ, აღარ გაიქცე, დარჩი დღევანდელობის პირისპირ და იცოცხლე.
  მძინარეს გხედავ, ჩახუებიხარ საპირისპირო სქესის სხეულს და მშვიდად ფშვინავ, ისე ებღაუჭები  მას თითქოს მორევი გითრებს და ის კი ხეა სალ კლდეზე ამოსული, ფესვებით მაგრად რომ ეჭდება ქვებს.
  მე მძინარეს გხედავ, როგორ ჩაგყვითლებია თვალები, გამოგშრობია კანი და ტუჩები.

ფიქრი ოცდამეშვიდე


   თვალები ააფახულა შემოდგომამ, ტირილი დაიწყო, მერე თმები გაიწეწა და მალე ის თმები ბღუჯა-ბღუჯად დააპნია მიწას, დარჩა მელოტი ნოემბერი მოხეტიალე ცივი ქარის და ცრემლების ამარა, ახლაც ფანჯრის მინაზე ზანტად ეცემა მიწაზე ჩამოტანილი ეს ცრემლები.
   რვა საათია მაგრამ უკვე ღვიძავს ქალაქს ჰაერშიც იგრძნობა ეს,  ისმის ავტობუსების ჭრიალი, ტრამვაის რელსების ხმაური  და მატარებლების საყვირის ხმა, ქუჩაში  საშუალო ხნის ქალი  ხილ-ბოსტნეულს ყიდის, მოაგორებს ურიკას და მთელი ხმით გაყვირის.
 “მოიცადეთ, ჩამოვალ” მეც მთელი ხმით ვუყვირივარ და თავქუდმოგლეჯილი ჩავდივარ კიბეებზე, პიჟამებით და ხალათით.
   “ შეგცივდებათ, ჩაგეცვათ მე დაგელოდებოდით” -თბილად მიღიმის
   “არ მცივა იყოს”
   “ნახე როგორ ყინავს, მეც კი მცივა… რას ინებებ?”

ფიქრი ოცდამეექვსე


  დღეს პეტერი ხასიათზე ვერ არის,ჩემს გვერდით ზის და უხმოდ, თვალებმოჭუტული მიჩერებია პარკში მოთამაშე ბავშვებს, მე რედაქციის ამბებს ვუყვები და ვხვდები არც ერთი სიტყვა არ ესმის, ხანდახან ისეთი უჟმურია მინდა დავახრჩო...  ახლაც.
  არ მისმენს და შესაბამისად მეც ვჩუმდები.
  ისევ შემოდგომაა ბუდაპეშტში, უკვე სიცივე ეპარება დღეებს, ყვითლდება, წითლდება ან ისევ მწვანე რჩება ფოთლები, მიყვარს შემოდგომა, ბუნებას ამყუდროვებს, აფერადებს, ატალახებს და ზამთრის წინ ბოლო ამოსუნთქვას ჩუქნის, მინდა რომ შემოდგომაზე მოვკვდე, დილით, სიწყნარეში, გაღებულ ფანჯრებში, სიცივით გავსებულ ოთახში, ახალ ნაწვიმარზე...
  “ეი ფროილაინ რაზე ჩაფიქრაბულხარ?” მხარი წამკრა პეტერმა
   “როგორც იქნა გამოფხიზლდი? შემეშინდა რომ მედიტირებდი და სადღაც გამიფრინდი”
   “მეც მეშინია”
    “შენ? ჰერ მაიერ რისი გეშინიათ, თქვენ ხომ რაციონალიზმის განსახიერება ხართ”
    “მეშინია რომ შენც გამიფრინდები, ოღონდ ისე რომ უკან აღარ დამიბრუნდებით, საქმე ისაა, რომ შენ მის მერე ვერაფერს იგრძნობ მე კი ყოველ დღე ვიგრძნობ უშენობას... შენ ამისი არ გეშინია?”
  “ხანდახან მავიწყდება კიდეც ავადმყოფობის არსებობის”
  “მაგალითად?”
  “მაგალითად, როცა გერმანიაში ვიყავით, მთელი კვირა არ გამხსენებია რომ ავად ვიყავი და შემომხედე, მე არც ახლა ვფიქრობ მასზე, სანამ ჩემთან ხარ არაფრის მეშინია”

ფიქრი ოცდამეხუთე


  კვირის ბოლოა, ზაფხულის ხვარტმი ნელ-ნელა გაქრა, როგორც იქნა წვიმს, ზაფხულის მიწურულის შხაპუნა წვიმაა გარეთ, ატალახებს გაზონებს, რეცხავს ტროტუარებს, ანაცრისფრებს ისედაც ბინდისფერ ქალაქს. ჩვეულ პოზაში, რადიატორზე ფეხებშემოწყობილი ვზივარ, რადიოდან კი ბუდა ბარის წყნარი მელოდია იღვრება, თუ არ ვცდები Love From Heart ქვია...
   თმა მალე ისევ შესაღები მექნება... რა დროს ესაა, ჯერ კიდევ ვერ გამოვსულვარ გასული კვირის ეიფორიებიდან... ვზივარ და ჩემს თავს ველაპარაკები, ბოლო დროს ვხვდები რომ ფიქრი კი არა ჩემი ეგოსთვის ამბების მოყოლა გამომდის, თითქოს წარმოსახვით დიქტოფონზე ვწერ დღიურებს... თუ ჩემს გონებას ასე უნდა დაე, იყოს ასე... ერქვას დღიური, მარიას დღიური, ალბათ ერთ ერთი იქნება იმ უამრავი ლიტერატურული დღიურიდან მსოფლიო რომ ინახავს, ანე ფრაკნის დღიური, ... და მარია კანეს დღიური, კარგი იქნებოდა ჩემი ცხოვრებაც თუ ოდესმე ლიტერატურად იქცევა და უფრო დიდი სიხარული იქნება ეს ვინმეს თუ დააინტერესებს.
   “მარია მოვედი!” შემოსასვლელიდან ყვირის პეტერი
  არ ველოდებოდი დღეს, ჩავარდა ჩემი მოსაწყენი საღამო.
  “ხო მითხარი ვერ მოვალო?!”

ფიქრი ოცდამეოთხე


  როგორც იქნა დაბოლოვდა ეს ზაფხული თავსხმა წვიმებით, ელვა, ჭექა, წვიმის გრძელი ფარდა ქუჩებში, გახურებული მიწის ბუღის სასიამოვნი სუნი.
   ახალ ჯინსის შარვალს ვასველებ ამ წვიმაში, სალათისფერი საწვიმარი უკვე გაჟღენთილია, სამსახურში მივრბივარ, ჯერ კიდევ ამდის პეტერის დასამშვიდობებლი კოცნის სუნი, ჯერ ისევ ვხურვარ ამის ალმურისაგან.
  მივდივარ მე ჩვეულებრივი შეყვარებული ქალი ქუჩაში და არ ვღელავ ამინდზე, იმაზე რომ ტალახიან წყალში ამომეწუწა ფეხები, ტალახები ლამის კისრამდე მაქვს შესხმული, მივდივარ და იმ ღიმილზე ვფიქრობ ბოლოს რომ დამაჯილდოვა, მოდი ახლა და ამის მერე რაციონალური მიწოდე...

ფიქრი ოცდამესამე


  არასოდეს ვეკუთვნოდი ისეთი ტიპის ადამიანებს მთელ დღეებს პრინცებზე და საფრანგეთში, იტალიაში მოგზაურობაზე რომ ოცნებობდნენ და მასზე მალულ ფიქრს ზრდასრულობაშიც რომ ვერ იშორებენ თავიდან, ყოველ ღამით ძილის წინ, არარსებულ პრინცთან გატარებულ რომანტიულ ღამეების ძერწვაში მკერდი რომ უბრუშდებათ და მასთან ერთად ტვინიც, მაგრამ  ვაღიარებ გულის სიღრმეში სულ ველოდებოდი ვიღაცას ვინც ჩემი სულის ნაწილი იქნებოდა, როგორც ჩანს ტყუილად არ მიცდია.
   სიცხე პიკშია, აგვისტოა,  ქალაქის პარკების მწვანე კორდები მუდმივი მორწყვის მიუხედავად მაინც გადახრუკულია ჩ
ალისფრად, გარეთ მხოლოდ ადრე დილით, ან შეღამებულზე შეიძლება გასვლა... ახლა შეღამებულია, სამსახურიდან ვბრუნდები, ხელში პროდუქტით სავსე ქაღალდის პაკეტები მიჭირავს და გვერდით ლუსიანა მომყვება.

“შენთვის სიყვარულზე ლაპარაკი ცოტა უცნაური ხო არაა? ოდესღაც ამბობდი რომ აღარავინ შემიყვარდებაო”

“ა, ვამბობდი? არა ის გაუთლელი ხეპრე არც ახლა მიყვარს, ყოველ დილით რომ მაყვირებს წვერის გაპარსვაზე, და რომ იპარსავს და მერე მთელი ნიჟარა მისი თმებითაა სავსე, არა კი არ მიყვარს, მის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია”

ფიქრი ოცდამეორე


  ბედნიერების ისეთ პიკზე ვარ სადაც გონებაც კი არ მუშაობს და რომელ ფიქრებზე ლაპრაკობ როცა მეტყველების უნარსაც კი კარგავ და ახლა მხოლოდ იმიტომ ვარ აქ რომ პეტერი წასულია მიშკოლცში, კონფერენციაზე, მინდოდა წასვლა, ქალაქი ბიუკის მთებთანაა ახლოს, მე კი მათთან საკმაოდ საინტერესო და გემრიელი დღეები მაკავშირებს რაფაელთან გატარებული, მე კი ვერ წავედი, ჩემი სამსახურის გამოც და იმის გამოც რომ არ მინდა ყველგან ავეკიდო ჩემოდანივით, რატომღაც ვთვლი რომ გარკვეული დროის განმავლობაში არ უნდა შევხვდე ხოლმე იმიტომ რომ უფრო ძალიან მომენატროს, თუმცა მე ის მაშინაც არ მყოფნის, როცა ჩემთანაა და მასთან დარეკვის ნდომის წინააღმდეგობას  ფრჩხილების კვნეტამდე და უაზრო რაოდენობის ყავის სმამდე მივყავარ.
   ხოდა ასეა, მარტო ვარ უკვე მესამე დღეა, ზაფხულის ცხელი საღამოა, მზე სადაცაა ჩავა და უკანსაკნელ წითელ სხივებს პირდაპირ ჩემს ფანჯარას უშენს, ჩემთან რა უნდა? იქნებ მანიშნებს რამეს?! რომ მას მალე მეც გავყვები? თუნდაც, ეხლა ეს არ მანაღვლებს ვცდილობ ვიცხოვრო დღევანდელი დღით და მხოლოდ ამითი ვისიამოვნო, სამყაროში არაფერი არ არის მუდმივი, ამიტომაც უაზრობაა მასში მუდმივობის ძებნა. სამყარო იცვლება, და დამიანებიც იცვლებიან მასთან ერთად, ვხვდები გვამური ნიშნები სხეულზე არ ნიშნავს სიკვდილს და არც მათი არარსებობა ნიშნავს სიცოცხლეს.

ფიქრი ოცდამეერთე


რეკ...
რეკავენ...
ჯანდაბა, რაკავენ!
უკვე გამოვფხიზლდი, ოღონდ თვალების გახელა მეზარება, ინტუიციით ვეძებ ტელეფონს, რომელიც აღმოჩნდა რომ ტუმბოზე არ დევს, ტუმბოც არ აღმოჩნდა თავის ადგილზე.
  ეხლა თვალებს რა გაახელს…
  აღმოჩნდა რომ საწოლის მეორე კიდეზე ვწევარ, ტელეფონი კი ჩემი ბალიშის ქვეშ რეკავს.
 “გისმეეენთ.. .” ძლივს ვიღებ ხმას
  ყურმილს მიღმა ლუსიანა მთელი ხმით ყვირის
 “რატო არ იღებდი წუხელ ტელეფონს, აგაფეთქე”
 “ცოტა ჩუმად, ძინავს” თვალს ვავლებ ჩემს გვერდით გაშოტილ პეტერს, აი საწოლის შევსება ქვია ამას, და არა ჩემს ძილს ზედ საწოლის კიდეზე რომ ვიკუნტები ხოლმე, ცალი ხელი ბალიშის ქვეშ შეუყვია და პირი ოდნავ დაუღია, დიდი ხანია ეს სურათი არ მინახავს, მომენატრა მისი მშვიდი ძილის ყურება, თვალები რომ ოდნავ ღია აქვს ხოლმე…
  “გოგო, მიპასუხე რა ხდება… გესმის?” ისევ აგრძელებს ყვირილს ლუსიანა.
   ჩემი წილი ზეწარი მოვხვეტე, შემოვიხვიე და სამზარეულოში გავედი…
 “ლუსი, დამაბრალე სულელობა, გამოუცდელობა, თუნდაც ბავშვობა, ან შემამკე ნებისმიერი შენი საძაგელი სიტყვით, მაგრამ ეხლა პეტერს ჩემს გვერდით ძინავს”
  “რაა? შეურიგდი? როგორ გაბედე, უფრო სწორად როგორ გაგაბედინა?”

ფიქრი მეოცე


   მიუხედავად იმისა რომ მშრალი ამინდები გამოაცხადეს მთელი კვირით, დღეს გაწვიმდა და ცივა, წვიმის წვეთების მდინარეები ზანტად მოედინებიან ფანჯრის მინაზე და სველ კვალს ტოვებენ.
   იდაყვებით დაყრდნობილი ვდგავარ ფანჯარასთან და მთელი ეს :წვეთების მოგზაურობა” ტრანსში მაგდებს, მთენთავს და მეძინება.
   არადა წვეულებაზე ვარ.  საზაფხულო ყვავილებიანი სარაფანი მაცვია, ამინდისთვის შეუსაბამო. ოთახში ხმაურია, დღეს ჩემი უფროსის დაბადების დღეა და წვეულებაც ზუსტად ამ დღის აღსანიშნავადაა გამართული. თითქმის ერთი საათია აქ ვარ პეტერი კი არ ჩანს, არ ვიცი რატომ არ არის აქ.
   “მარია, ჩანს რომ ვერ ერთობი” მომიახლოვდა ლუსიანა
   “არ ვიცი რაღაც დუნედ ვარ, ვერ ვხალისობ”
   “ცუდად ხომ არ ხარ ისევ?”
   “არა ყველაფერი რიგზეა”
   “საყვარელო, რატომ მიმატოვე?” ღვინის ჭიქებით ხელში მოვიდა იოსი.
   მართლა, დამავიწყდა რომ მეთქვა, იოსი და ლუსიანა ერთად არიან, არ გამკვირვებია, ალბათ ყოველთვის ვფიქრობდი რომ მათი ურთიერთობის ლოგიკური დასასრული ეს იყო.  ერთმანეთს ავსებენ და რაც მთავარია მათ შორის ახლა ჩამოყალიბებული თბილი ურთიერთობა აშკარად ჯობია ძველს, როცა ერთმანეთს ჭამდნენ.

ფიქრი მეცხრამეტე


    საკმაოდ ძლიერი გავხდი იმისთვის, რომ ასეთ დარტყმებს გავუძლო მაგრამ ოხ.. პეტერი. ალბათ სპეციალურად აკეთებს რომ ზუსტად იქ უნდა შემხვდეს სადაც ყველაზე ნაკლებად ველი. მხვდება ბიბლიოთეკაში, პარკში, ქუჩაში, გამიღიმებს მოკრძალებულად, ოდნავ თავს დამიკრავს გამარჯობის ნიშნად და ჩამივლის, ვითომ სულ უბრალო ნაცნობები ვიყოთ, თითქოს მისთვის მართლა მხოლოდ პაციენტი ვიყავი, მაგრამ ალბათ ასეც იყო, რიგითი გასართობი, რომელთანაც თავისი ნდომა დაიკმაყოფილა და თავი მიანება.

ფიქრი მეთვრამეტე


 ცხოვრება უაზრობაა, ხდება ისე რომ ერთ მდგომარეობას რომ შეეჩვევი მოდის და თავდაყირა გიყენებს ყველაფერს, ფიქრებს, გრძნობებს.
  აგერ უკვე ოთხი, თუ ხუთი თვე გავიდა იმ საღამოდან პეტერთან რომ ვიყავი. უკეთესად ვარ, გადმოვლაე შიზოფრენიის ზღვარი და თავით გადავეშვეი ძველ ცხოვრებაში, სადაც ზუსტად ისე მელოდნენ ძველი ნივთები როგორც დავტოვე და გამიხარდა რომ როგორც იყო თავი დავაღწიე უსაშველო სევდას და დეპრესიას, ვთქვი რომ პეტერი, რომელმაც ამხელა შეურაწყოფა მომაყენა საერთოდ ამომეგდო თავიდან, დამევიწყებინა ყველაფერი რაც მასთან მაკავშირებდა, გადავწყვიტე გამექრო ის ჩემი სამყაროდან და თითქმის გამომივიდა, მაგრამ…
   დღეს, სამსახურის მერე, სანამ მქრალი მზე ისევ ათბობდა ბუდაპეშტს მომინდა პარკში გავლა და მზეს მიფიცხება, თვალდახუჭული ვიჯექი ქვის სკამზე და აიპოდს ვუსმენდი. უცებ აშკარად ვიგრძენი რომ ჩემს წინ ვიღაც ჩამოდგა, თან ისე ახლოს რომ სუნთქვასაც კი ვგრძნობდი მისას.

ფიქრი მეჩვიდმეტე


     სურდო.
     მარტის ბოლო.
     წვიმა.
     ქარი.
     მზე.
     მერე ისევ წვიმა.
     სიცარიელე სახლში და სიცარიელე სულში.
     როგორი მომაბეზრებელია ეს ყველაფერი.
     კომუნალურის ქვითრები  საფოსტო ყუთში.
     სპამები და  რედაქციის წერილები ელექტონულ ფოსტაზე.
     ლუსიანას და მშობლების ზარები ტელეფონზე.
    ჩემი ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ეგ არის რომ მე ვეღარ ვარ ისე, როგორც ადრე, უკვე რამოდენიმე კვირაა დეპრესიას ვებრძვი. უშედეგოდ. ყველაფერი ისევ ისეა, ლამის ვოცნებობ რომ რაიმეთი მამცნოს რომ ისევ ფიქრობს ჩეზე, თუნდაც ნომერი შეეშალოს და ჩემთან დარეკოს.

ფიქრი მეთექვსმეტე



   დუნაის მიდამოებში ნისლმა იმატა. . . მალე ნოემბერი გაილევა. ჩემი ფანჯრების მიღმა მაღაზიები, ტრამვაის ხაზი და ეკლესია შემოდგომის სქელ, ნაცრისფერ საბურველში გახვეულადღეს ალბათ იწვიმებს ისევ დაიწყება მონოტური, ცივი დღეები.  ვხვდები რომ ეს ყველაფერი აღარ მსიამოვნებს, კი მაგრამ რატომ?
 
     რამოდენიმე თვეში რაფაელის ქორწილიაჩემი პირველი უნგრული ქორწილი. ზუსტად ამაზე მელაპარაკება ახლა და რჩევებს იღებს ჩემგან.
 
     გოგონა, რომელიც შარშან გავიცანით ერთ-ერთ კლუბში გამოსვლის დროს, რაფას ცხოვრების საუნდტრეკი გახდა, დაიკავა პარკინგის ყველა ადგილი მის გულში და მიკრობივით მოედო სხეულს და გონებას.
 
    რაფა მიქორწინდება, გამექცევა ადამიანი რომელიც თავისი დროის ნახევარს ჩემთან ატარებდა, მეფერებოდა, თავს მევლებოდა, მიბრაზდებოდა და მტოვებს სადღაც უდაბნოს კიდეში რომლის იქით ამოუცნობი იწყება, ქიმერა რომელიც არასოდეს გამოვა მზის შუქზე.
 

ფიქრი მეთხუთმეტე


    ალბათ დიდი ხანია მზე ამოვიდა. ფანჯრები ღიაა, დილის ოდნავი სუსხი ზეწრით დაუფარავ ადგილებზე მკბენს, სხეული მოდუნებული მაქვს და განძრევა მეზარება, თვალის გახელაც... არა დამძინებელი აღარ ვარ, მთელი სხეულით ვიზმორები და ფეხის თითებით მის თმიან ფეხს ვეხები...
 გამახსენდა..
   წუხელ ისევ მასთან ვიწექი, მაგრამ გაღვიძებისას პირველად მასთან შეხება?.. ეს რაღაც ახალია.
თვალს ვახელ. ის ჩემს მოპირდაპირედ წევს და თვალდახუჭული, ალბათ ძინავს. სიამოვნებით ვტრიალდები პირქვე და ბალიშის სუნს-სარეცხი ფხვნილისას და შამპუნისას ხარბად ვისუნთქავ...

მე დღეს დავიბადე!„

ფიქრი მეთოთხმეტე


   ზაფხული ქურდივით ეპარება ბუდაპეშტს. ხვარტი მოაქვს თან, მწველი მზე და სიმწვანე.
   საღამოა უკვე, ჩემთვის საკმაოდ მელანქოლიური, ბიბლიოთეკის სამკითხველოს გაღებული ფანჯრებიდან ქვაფენილზე მანქანების ბორბლების რახა-რუხი და ჩიტების ჭიკჭიკი შემოდის. მთელი დღეა ძველ გაზეთებს ჩავკირკიტებ, საქმეს, რომლის მოთავებაც რამოდენიმე საათში შემეძლო, მთელი დღე მოვუნდი, აზრები მეფანტებოდა, ხან საით წამიღებდა გონების დინება, ხან საით. მახსენდებოდა სტუდენტობისას ბიბლიოთეკების სამკითხველოებში გათენებული ღამეები, უაზრო წვალება რომელმაც აქამდე მომიყვანა. ანაზდად, ჩემთვის გასაოცარი  მომხიბვლელობით შეიმოსა ის გასული ოთხი წელი, სიცოცხლით სავსე რომ ვიყავი, უდარდელი, არაფერზე და არავიზე რომ არ ვფიქრობდი, ვწერდი იმას რაც მომესურვებოდა, უნივერსიტეტის გაზეთში ყველაფერს მიბეჭდავდნენ, ვწუხდი დროზე, რომელიც ეს ესაა ხელიდან გამექცა და რომელზეც მე თვითონვე ვთქვი უარი, აქ წამოსვლით. გაქრა თავისუფლება, უნდა შევგუებოდი, რომ ამის მერე ვეღარ ვიფიქრებდი ჩემებურად, ვეღარ დავწერდი იმას რასაც მინდოდა, მივხვდი რომ აქ ჩამოსვლისთანავე ჩარჩოები შემიკრეს და შიგ მომაქციეს, ჩემი თავი მე აღარ მეკუთვნოდა,  თავის დროზე ვერც ერთ ყალიბს ვერ ვერგებოდი და ყოველი ახალში ჩასმის დროს ძველს მივტიროდი.
   რა ხანია ის არ დამიწერია რაც მინდოდა, შიშველი ფაქტებით და დრომოჭმული კლიშეებით წერას დამაჩვია გაზეთმა, აღარ დამიტოვა სული, რომელიც ასე მიხაროდა, რომელიც ბოჰემიისკენ ისწრაფოდა და რომელსაც ასე უნდოდა თავისუფლება.

ფიქრი მეცამეტე


   ისევ დამეკარგა, მე კი ისევ უიმედოდ ველოდები მის ზარს, ერთხელაც იქნება დამირეკავს ან მომაკითხავს. მაღიზიანებს ასეთი უპასუხისმგებლობა, მაგრამ მაინც მოუთმენლად ველოდები. „პეტერის მხარეს“ კომოდზე ხელუხლებლად აწყვია  კონდომის ცარიელი პაკეტები, პეტერს ელოდება რომ გადაყაროს.
   სამზარეულოს მაგიდასთან, ჩემს წინ რაფაელი ზის და  ნება-ნება სვამს ლუდს, თან არაქისს აყოლებს
„მიდი მომიყევი, გელოდები“
„თვალები დაწმენდილი მაქვს?“ მაგიდაზე გადავწექი და თვალები დავქაჩე
„ვერ ვამჩნევ, რა იყო?“
„წინა შაბათს სექსი მქონდა“
„მერე თვალები რა შუაშია?“ ჩვეულებრივად კითხულობს, „მეთქი რამე სენსაციას მიყვებოდი“
„პირველი იყო“ დარცხვენით ვამბობ
   რაფაელს ლუდი გადაცდა და ხველა აუტყდა, სულს  იქვამს  და გულიანად ხახარებს „ყოჩაღ შენს გაძლებას, ვინ იყო?“
 „პეტერი ქვია, სულ ორჯერ შევხვდი და მასთან უგონოდ მთვრალი ვიწექი, მას მერე არ დაურეკია“
„და პრობლემა რაშია?“
„მენატრება“ ვთქვი მიამიტურად „მენატრება ყველაფერი, რაც დამამახსოვრდა, სველი თმები, ყავის სმის დროს ხრუპუნის ხმა, ფეხის ფეხსე გადადება და...“
„და?!“
„მზემიუკარებელი, უთმო სხეული“
„ და რა არის ეს, ერთი ნახვით შეყვარება?“
„არა, ჩემი იდიოტური ფანტაზიები რაფა, მგონია რომ ჯონს გავს კიუსაკს და ალბათ მას წარმოვიდგენ ხოლმე პეტერის ადგილას“
„ მე სხვა რამ მგონია, მგონია რომ იმდენი ხანი იყავი მარტო, ეხლა როცა აკრძალულ ხილს გემო გაუსინჯე მოგეწონა და აღარ გეთმობა“

ფიქრი მეთორმეტე

  მაღვიძარის გაბმული ტიტინი მაღვიძებს.


   ოღონდ ეს არა, დამვიწყებია წუხელ გამორთვა.
თავი მისკდება, მართლა მაგრად დავმთვრალვარ გუშინ, ისე რომ შიშველი ვწევარ თურმე, რამ გადამრია?!
ავდგები! ტუალეტში მინდა
 ზოზინით ვდგები, ტანზე ზეწარს ვიხვევ და ნახევრად დახუჭული თვალებით აბაზანისკენ მივდივარ, საიდანაც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს უნიტაზის ბაკნის დაცლის ხმა ისმის. ალბათ მომელანდა, მაგრამ მერე კარიც იღება.
„პეტერ?!“ ვხვდები რომ თვალები დაჭყეტილი მაქვს, ხელებს პირზე ვიფარებ და სულ მავიწყდება ტანზე შემოხვეული ზეწარი.
„დილა მშვიდობისა!“ დაბნეულად მეუბნება პეტერი და ცდილობს ძირს დავარდნილი ზეწარი როგორმე ისევ შემომახვიოს
ვერ ვფიქრობ. თავში აზრები მერევა.
 შეუძლებელია რამე გვქონოდა, ამას არ გავაკეთებდი!
„რა მოხდა? არ თქვა რომ არაფერი არ გახსოვს!“  ჩემს ფიქრებს  ჩაწვდა თითქოს.
მე  კიდევ მართლა არაფერი არ მახსოვს
 უთქმელად გავრბივარ საძინებლისკენ და საწოლზე მთელი ძალით ვეხეთქები, მწვავე ტკივილი იმ წამსვე მივლის მუცელში და სადღაც მუცლის ღრუში ინასკვება. საწოლზე გადაფარებულ ზეწარს ვამოწმებ, ერთ მხარეს პატარა სისხლის ლაქა ემჩნევა... პეტერის მხარესაა...
ღმერთო ჩემო, ნუთუ ასე ვთქვი? პეტერის მხარეს!
ბალიშში ვრგავ თავს და მთელი ხმით ვღრიალებ.
 არ ვიცი ასე რამდენი ხანი ვიყავი, მაგრამ დროა ავდგე.

ფიქრი მეთერთმეტე


  არ დაურეკია არც შემდეგ დღეს, არც მეორე, მესამე და მეოთხე დღეს, ამ დროს ბუშემ თავისთან, ოჯახურ წვეულებაზე მიმიპატიჟა, ალბათ, როგორც რედაქციის გადაღლილი წევრი. მართლაც ასეა, ერთგვარი სტუპორი მაქვს, გამოვიფიტე და მგონია ვეღარასოდეს მივუბრუნდები სტატიებს, ზოგჯერ, როცა ტუალეტში ვზივარ, ან შხაპს ვიღებ რამე რეცენზიაზე ვფიქრობ, მაგრამ მერე იქიდან გამოსული ყველაფრის ფურცელზე გადატანას რომ მოვინდომებ, ვხვდები, არაფრის დაწერა არ შემიძლია.
  არ ვაპირებ არსად წასვლას.
„არაფერი მესაქმება, ალბათ სულ უცხო ხალხი იქნება“
„და მაინც, უნდა წახვიდე“ მეუბნება ლუისიანა, ოდნავ ნაწყენია იმით რომ არ დაპატიჟეს, ფეხი ფეხზე აქვს გადადებული და ნერვიულად ათამაშებს.
„ამას ჩავიცვამ!“ საკიდით გამომაქვს პატარა, შავი ქაშმირის კაბა
„დღემდე ვერ გამიგია რატომ გაცვია სულ მუქი ფერის ტანსაცმელი“
„რას ეძახი მუქ ფერებს? კარნავალზე არ მივდივარ  ლუსი, და საერთოდ, არ მომწონს სამხრეთ ამერიკული ჟინჟილა ფერები“
   ბუშეს სახლის ზღურბლთან ვდგავარ შავი, მოკლე კაბით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, მაისის ბოლო, ჩახუთული საღამოა.
   როგორც ველოდი ნაცნობი (თუმცა ჩემთვის, პიროვნულად სრულიად უცნობი) მაღალი წრის ადამიანები დამხვდნენ. ოჯახის ახლობლები, მეგობრები, „ძალით ახლობლები“ (სოც. მდგომარეობის გამო).
   იმ საღამოს უსაშველოდ გაბღენძილმა რედაქტორმა, წარმადგინა, როგორც გაზეთის გმირი „ზოგ-ზოგიერთების“ ძირს დამცემი. ზედმეტი პირფერობისგან მოვიღრუბლე, ერთი-ორი გამომელაპარაკა პროფესიაზე და ეგ იყო, ღვინის ბოთლი და ბოკალი დავიმარტოხელე, ვერანდაზე გავედი და  კუთხეში, ხის გაურანდავ მაგიდასთან ჩამოვჯექი. ეზოში როგორც ჩანდა უფრო მხიარულ საზოგადოებას მოეყარა თავი, თელების ძირში მარმარილოს მაგიდასთან რამოდენიმე ადამიანი ჩამომჯდარიყო ღვინის ჭიქებით ხელში და გულიანად ხარხარებდნენ... ზუსტად მათ გამოეყო თეთრპერანგიანი და ყავისფერშარვლიანი მამაკაცი და მე მომიახლოვდა.
„გამარჯობა მარია“ თქვა მკვეთრი ინგლისური აქცენტით, ჩემს წინ ჩამოჯდა  და ფეხი ფეხზე გადაიდო
  ერთბაშად ვერ ვიცანი ვინ იყო, თმები ახალი  შეჭრილი ქონდა, სახე გაპარსული და ეს ღიმილის დროს მის სახის ნაკვთებს უსვამდა ხაზს, ნუშის ფორმის თვალებთან ნაოჭების კვალი ეტყობოდა.

ფიქრი მეათე


    სანახევროდ ჩაბნელებულ სასადილოში ვსხედვართ მე და ლუსიანა, იოსი ყავის და ფუნთუშების მოსატანადაა წასული... სადაცაა ექვსი საათი გახდება დამღლელი დღის შემდეგ ახლობლებთან ერთად დაჯდომა და საუბარი მისწრებაა...
„კი მაგრამ წესიერად რატომ არ მიყვები?“ დღეს უკვე მეოთხედ მიუბრუნდა სამჯერ დახურულ თემას.
„იმიტომ რომ  მე უკვე მოვრჩი მაგაზე, არ მინდა გონება მაგ ამბავზე ფიქრით დავიძაბო“
„რაო გოგოებო რა ხდება?“ პოდნოსით დაბრუნდა იოსი. დღევანდელი დღე ისეთი გამონაკლისი იყო როცა სამსახურში სუფთად გაპარსული მობრძანდებოდა ხოლმე და სრულიად განსხვავებული შესახედაობა ქონდა.
„უკვე გითხარი რომ არ გიცნობ?“ შევეკითხე მოჩვენებითი გაკვირვებით.
„კარგი, არ გინდა, ალბათ შენს სახლშიც ისეთივე მდგომარეობაა, როგორც ჩემს სახეზეა ხოლმე“
„ნუ იგესლები იოს, მე სახლში შენსავით მონა-მსახური არ მელოდება, არ მახვედრებს ცხელ კერძს და არ მიკეთებს მასაჟებს კოჟრებზე“
„ეი, ბავშვებო ნუ კინკლაობთ, მარია მოყევი ახლა შენი ამბავი თორემ ჩემგან პრეზერვატივს ვეღარ ეღირსები“
„ო, ამას უკვე ვეღარ ავიტან, სუსტი წერტილი მიპოვე“ გადავიხარხარე, „კარგი, გნებდები“
„მოიცა პოპკორნს მოვიტან“
„გეყოფა იოს!  გაჩუმდი და მოუსმინე“ გაბრაზდა ლუისიანა
„ორი თვის წინ ვიღაც ტიპი ამეკიდა ქუჩაში და ძლივს მოვიშორე, მეთქი დამნებდა, თურმე სახლამდე მომყოლია, სამი კვირის წინ სახლში მომაკითხა და რესტორანში დამპატიჟა, გამომშვიდობებისას, ნომერი მთხოვა მაგრამ არ მივეცი...“

ფიქრი მეცხრე

   როგორც იქნა, სააღდგომო ნომრისათვის ყველაფერი მზადაა და ოთხი დღე სიწყნარეში შემიძლია გავატარო.

    აქამდე ლუისიანასთან ვიყავი, ჩემგან 10 წუთის სავალზე ცხოვრობს. ლუისიანა წარმოშობით აგენტინიდანაა, თუმცა უკვე ექვსი წელია აქ მარტო ცხოვრობს. ლამაზია ლუსიანა, საშუალო სიმაღლის, მოხდენილი, თაფლისფერი  ტალღოვანი თმით, უზარმაზარი შავი თვალებით და მუქი ფერის კანით. ადრე ლუსიანა მოდელად მუშაობდა თურმე ბუენოს აირესში, რომელიც თავისი ბიძაშვილის ჯარში წასვლის გამო შეწყვიტა. ლუსიანა ყველაზე მიუწვდომელი იყო რედაქციის თანამაშრომლებს შორის, მიუხედავად იმისა რომ ნებისმიერ მამაკაცს შეეძლო მოფერებოდა ან ეკოცნა, როცა საქმე სექსზე მიდგებოდა ყველას პირშიჩალაგამოვლებულს ტოვებდა.
–რატომ არავის იყვარებ ლუსი, ან რატომ არ აძლევ უფლებას შეგიყვაროს ვინმემ? – კითხა ერთხელ გაბურძგნულმა იოსმა
–ლუსიანას გული გატეხილია– გაიხუმრა ვიღაცამ და ყველამ გაიცინა.


   არადა მისი გული მართლაც გატეხილი იყო. ამაზე ლაპარაკს რომ მორჩა, მხოლოდ მაშინ გავიაზრეთ რაც ხდებოდა და პირები დავაღეთ.
    საქმე ინცესტში იყო. ბიძაშვილებს შორის, მაგრამ ლუსი ამას ისეთი მონდომებით და პატეთიკურად ყვებოდა, მათ რომანტიულ, ნაზ ურთიერთობას რომ სანამ თავისი ისტორიის ბოლოს არ ახსენა  სიტყვა "ინცესტი" ვერავინ ვერაფერს ჩაწვდა.