დღეს პეტერი ხასიათზე ვერ არის,ჩემს გვერდით ზის და უხმოდ, თვალებმოჭუტული
მიჩერებია პარკში მოთამაშე ბავშვებს, მე რედაქციის ამბებს ვუყვები და ვხვდები არც ერთი
სიტყვა არ ესმის, ხანდახან ისეთი უჟმურია მინდა დავახრჩო... ახლაც.
არ მისმენს და შესაბამისად მეც ვჩუმდები.
ისევ შემოდგომაა ბუდაპეშტში, უკვე სიცივე ეპარება
დღეებს, ყვითლდება, წითლდება ან ისევ მწვანე რჩება ფოთლები, მიყვარს შემოდგომა, ბუნებას
ამყუდროვებს, აფერადებს, ატალახებს და ზამთრის წინ ბოლო ამოსუნთქვას ჩუქნის, მინდა
რომ შემოდგომაზე მოვკვდე, დილით, სიწყნარეში, გაღებულ ფანჯრებში, სიცივით გავსებულ
ოთახში, ახალ ნაწვიმარზე...
“ეი ფროილაინ რაზე ჩაფიქრაბულხარ?” მხარი წამკრა
პეტერმა
“როგორც იქნა გამოფხიზლდი? შემეშინდა რომ მედიტირებდი
და სადღაც გამიფრინდი”
“მეც მეშინია”
“შენ? ჰერ მაიერ რისი გეშინიათ, თქვენ ხომ რაციონალიზმის
განსახიერება ხართ”
“მეშინია რომ შენც გამიფრინდები, ოღონდ ისე რომ
უკან აღარ დამიბრუნდებით, საქმე ისაა, რომ შენ მის მერე ვერაფერს იგრძნობ მე კი ყოველ
დღე ვიგრძნობ უშენობას... შენ ამისი არ გეშინია?”
“ხანდახან მავიწყდება კიდეც ავადმყოფობის არსებობის”
“მაგალითად?”
“მაგალითად, როცა გერმანიაში ვიყავით, მთელი კვირა
არ გამხსენებია რომ ავად ვიყავი და შემომხედე, მე არც ახლა ვფიქრობ მასზე, სანამ ჩემთან
ხარ არაფრის მეშინია”
“მომცემ უფლებას რომ შემდეგ პროცედურაზე მეც წამოვიდე?”
“მე იცი ეხლა რას ვფიქრობ? რა საჭიროა ეს ყოველკვირეული
ფულის ან დროის ხარჯვა? ასე, ძალით გახანგრძლივებული სიცოცხლე არ მჭირდება, არ მინდა
სხეულზე ყოველი ხელის შეხებაზე აორტაში ჩადგმულ კათეტერზე ვფიქრობდე, ან შენ ფიქრობდე
რომ ხელი ცუდად არ მოგიხვდეს, აგერ უკვე მესამე თვეა ქიმიას ვიკეთებ, მიშველა? არა,
ექიმი ახალს არაფერს მეუბნება...”
“მაგიტომ მინდა რომ დაველაპარაკო”
“და შენ რამე ახალს გეტყვის? ან შეაშინებ შენ რამეთი?”
“ ამ უიქენდზე რაფაელთან ერთად წავიდეთ პიკნიკზე?”
თემა შეცვალა, ანუ დამნებდა
მიყვარს საუბარში რომ ვუგებ, სიამოვნებით ვუქნევ
თავს და მკლავზე ვეხვევი.
ხვალ ექიმთან
ვარ წასასვლელი, 11 ზე.
No comments:
Post a Comment