Monday, December 2, 2013

ფიქრი ოცდამეცხრამეტე

მინდიხარ!” ტუჩების მოძრაობით მეუბნება  მაგიდის მეორე მხრიდან.
  პეტერის ჩამოსვლასთან დაკავშირებით წვეულება გამართეს სახლის უკანა ბაღში, ვაშლების ქვეშ.
  სახეაწითლებული იოსი ლუსიანასთან ჩახუტებული წევს ჰამაკში, დედაჩემი მთვრალ მამაჩემს ეჩხუბება, პეტერი ღიმილით მიყურებს და მერე ისევ იმეორებს
 “მინდიხარ.”
 სამი კვირაა არ მინახავს, ორი კვირის წინ შოკური შეტევა მქონდა, ისევ საავადმყოფოში ვიყავი და ისევ გამოვიქეცი, როგორღაც ახერხებენ გამიწელონ სიკვდილის პროცესი, მაგრამ უკვე ისე გამოვიყურები როგორც მოსიარულე მკვდარი და პეტერს კიდევ ერთხელ უნდა ჩემთან დაწოლა.
 შალის პლედს მჭიდროდ ვიხვევ სხეულზე…
 “მგონი აცივდა”  ტყუილის გამო ბურძგლები მაყრის, ან იმის გამო, რატომაც ამ ტყუილს ვიძახი “წავალ დასაძინებლად”
 “წამოგყვები” ამბობს დედაჩემი და დასახმარებლად იწევს
 “მე თვითონ”

ფიქრი ოცდამეთვრამეტე

  ზაფხულია, არ მახსოვს რომელი წლის, ჟილინა- ჩემი მშობლიური ქალაქი, ჩემი ოთახი, ღამე, მწერების ხმაური გარეთ და ოთახში მე, მწყურვალი, რომელსაც ადგომა ეზარება.
   ვდგები მარცხენა მხრიდან, როგორც დაჩვეული ვარ. ჩემდა გასაკვირად სხვის სხეულს ვაწყდები.
  გონებაში ვკივივარ,  რეალურად კი მხოლოდ ჰაერის ხარბად შესუნთქვას ვახერხებ.
 სხეული ადგილს იცვლის, ლამპიონების შუქზე ვამცნევ რომ კაცია...
   მახსოვს რომ ვარ მარია კანე 21 წლის, ახლა ზაფხულის არდადეგებია, მახსოვს რომ მყავს დედა და მამა, რომლებსაც ჩემს წინ ოთახში ძინავთ, ბებია და ბაბუა მთიან სლოვაკეთში, მაგრამ ეს კაცი ნამდვილად არ მახსოვს ვინაა. კიდევ უფრო მწყურდება, მაგრამ ადგომას ვერ ვახერხებ, მკრთალ სინათლეზე სხეულს ვაკვირდები, მგონია რომ ჩემი ღამეული ოცნებები განსხეულდნენ, ზეწარი ლამის გადაძვრეს, მხოლოდ წინდები და ბოქსიორის ტრუსები აცვია, სუნტქავს ღრმად და ხმაურიანად, ასთმიანივით, მერე უცებ გაინაბება, თითქოს მოკვდა და უცებ ისევ ამოისუთქებს.