Monday, December 2, 2013

ფიქრი ოცდამეთვრამეტე

  ზაფხულია, არ მახსოვს რომელი წლის, ჟილინა- ჩემი მშობლიური ქალაქი, ჩემი ოთახი, ღამე, მწერების ხმაური გარეთ და ოთახში მე, მწყურვალი, რომელსაც ადგომა ეზარება.
   ვდგები მარცხენა მხრიდან, როგორც დაჩვეული ვარ. ჩემდა გასაკვირად სხვის სხეულს ვაწყდები.
  გონებაში ვკივივარ,  რეალურად კი მხოლოდ ჰაერის ხარბად შესუნთქვას ვახერხებ.
 სხეული ადგილს იცვლის, ლამპიონების შუქზე ვამცნევ რომ კაცია...
   მახსოვს რომ ვარ მარია კანე 21 წლის, ახლა ზაფხულის არდადეგებია, მახსოვს რომ მყავს დედა და მამა, რომლებსაც ჩემს წინ ოთახში ძინავთ, ბებია და ბაბუა მთიან სლოვაკეთში, მაგრამ ეს კაცი ნამდვილად არ მახსოვს ვინაა. კიდევ უფრო მწყურდება, მაგრამ ადგომას ვერ ვახერხებ, მკრთალ სინათლეზე სხეულს ვაკვირდები, მგონია რომ ჩემი ღამეული ოცნებები განსხეულდნენ, ზეწარი ლამის გადაძვრეს, მხოლოდ წინდები და ბოქსიორის ტრუსები აცვია, სუნტქავს ღრმად და ხმაურიანად, ასთმიანივით, მერე უცებ გაინაბება, თითქოს მოკვდა და უცებ ისევ ამოისუთქებს.

 მშობლებს წინა ოთახში ძინავთ, ალბათ მართლა სიზმარია, თორემ როგორ გავბედავდი მის აქ შემოყვანას, შიშით ხელს ვერ ვაკარებ, ჯობია დავიძინო, დილით ყველაფერი გაქრება, დილით ლიდიას უნდა დავადგე, ბანაკის ამბები მოვაგვაროთ... წინ დიდი ზაფხული გველის...
  კიდევ ერთხელ უკანასკნელად ვავლებ თვალს  კაცს, ალბათ ჩემი მომავალი ქმარი ასეთი იქნება, კარგად უნდა დავიმახსოვრო რომ მერე, როცა შევხვდები ადვილად ვიცნო...

  ჩემს წინ წაბლისფერთმიანმა ბიჭუნამ წაიფორხილა და დაეცა.
 ტირილი მორთო, კომპიუტერს თავს ვანებებ და ბავშვთან მივრბივარ.
 “არა უშავს, არ იტირო, არაფერი მომხდარა, გააგრძელე”
ბავშვს წამწამებზე კიდია კრიალა ცრემლი და ახლა შეცბუნებული მიყურებს, მობრეცილი, სველი პირით.
 “დედა” ამბობს და ღიმილი სკდება.
ვუყურებ მის ვარდისფერ, ახალკბილებამოკვეთილ ღრძილებს და ტირილი მინდება, კიდევ ერთი სტატუსი შევიძინე, მნიშვნელოვანი სტატუსი
 “ლენი, თქვი აბა კიდევ, დედა. დე-და...”
  ბავშვი მიყურებს და მიღიმის...
 დე-და, დე-და...
 მე ვარ დედა...
დედა...

  

No comments:

Post a Comment