Saturday, November 30, 2013

ფიქრი ოცდამეჩვიდმეტე

ორსულადაა”
“ვინ?”
“ვინ და ლუსიანა” გავრბივარ პეტერისკენ, რომელიც ბაღში მწვადს წვავს მამაჩემთან ერთად, თან ხელში ლუსის გამოგზავნილი ორსულობის ტესტი მიჭირავს
 “ნელა…!”
გვიანია ფეხი უკვე წამოვკარი ნახშირის ვედროს და წავიქეცი.
 “რამე იტკინე?” მომვარდა პეტერი 
 სიცილი ამივარდა, იმასაც
 “მალე პატარა ეყოლებათ, რა ბედნიერებაა”
პეტერის მობილურით უნგრეთში ვრეკავთ
 მეორე მხრიდან ბოხი  ხმა ისმის
“როგორ გაუბედე ჩემს მეგობარს რომ ასე უნდა აწამო ცხრა თვე”
“ეშმაკმაც დალახვროს, ბებერო მუსუსო, შენ ისევ ცოცხალი ხარ?.. ლუსი, მარია რეკავს!” აღფრთოვანებული ყვირის
 ტანში სიამოვნების ჟრუანტელი მივლის მათი ხმის გაგონებაზე, როგორი სიურპრიზი გამიკეთეს, ხომ შეილებოდა ეს ყველაფერი ტელეფონით ეთქვათ, მაგრამ დაზღვეულ კონვერტში ჩადებული მხოლოდ ეს ერთი ნივთი იმდენს ნიშნავდა რომ მეგონა გული გამისკდებოდა…
 საღამოს, ხანგრძლივი გულისრევის შემდეგ გული წამივიდა და მეორე დღეს საავადმყოფოში გავიღვიძე.
 მახსოვს მამაჩემის შეშფოთებული სახე, ჩემს მობრუნებას რომ ცდილობდა და მეხვეწებოდა თვალები არ დახუჭოო.  მინდა ახლა აქ იყოს და მადლობა გადავუხადო ჩემს გვერდით ყოფნისთვის.
 22 წლის ვიყავი, ლიდიას სიკვდილიდან რამოდენიმე კვირაში თავის ტკივილები და გულის რევა დამეწყო, აღმოჩნდა რომ ქალისშიდა წნევა მქონდა მაღალი და მასზე მიმკურნალეს, თუმცა მაინც არ გაიარა, მერე რომელიღაც ექიმს აზრად მოუვიდა ტომოგრაფიის გაკეთება, რომელმაც აღმოაჩინა რომ ტვინზე “პაწუკა” წარმონაქმნი მქონდა, სიმსივნე მხოლოდ II  სტადიის იყო, იმედით გასხივსნებული ჩემი მშობლები, ყოველ დღე ზეიმობდნენ ჩემს გამოჯანმრთელებას, მაგრამ სადღაც ხუთი თვის შემდეგ ისევ დამეწყო იგივე სიმპტომები, მერე ისევ ბიოფსია ჩაატარეს და დაადგინეს რომ არსადაც არ წასულან ეს საშინელი უჯრედები და რომ ტვინში ისე იყვნენ გამჯდარები ვერც მოაშორებდი, მერე მე ვთქვი უარი ლაზერულ და ქიმიურ თერაპიაზეც, თმებიც ამომივიდა და უნგრულ გაზეთში გაკეთებულ განცხადებაზეც დასტური მომივიდა…

Saturday, November 9, 2013

ფიქრი ოცდამეთექვსმეტე

    გზა ბრატისლავადან ჩემს ქალაქამდე ცოტა არ იყოს გაიწელა, პეტერი უკვე ჩემზეა მოსვენებული და პირდარებულს ძინავს, როგორც ყოველთვის, მე კი ფანჯარაზე ცხვირმიჭყლეტილი ვცდილობ, მინაზე არეკლილი ხედები სამუდამოდ ჩავიბეჭდო გონებაში, ექიმმა მგზავრობა არასასურველად მიიჩნია, ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ, მეც ავდექი და წამოვედი, თავს კარგად ვგრძნობ, არაჩვეულებრივად ექიმის სიტყვები მახსენდება: მაშინ როცა გგონია ყველაფერი დაწყნარდა, ყველაზე დიდი ტკივილების ტალღები დაიწყება. ცოტა არ იყოს მეშინია, ალბათ ვერ გავუძლებ, დამაძალებენ მორფინს და ყველანაირი სახის გამაყუჩებლებს,  ვუბრუნდები ჩემს ძველ ექიმს, ალბათ ის ისევ გამომიწერს და დიდ ანოტაციას მოაყოლებს: ე ვიტამინი დაეხმარება შენს სხეულს ენერგიის აღდგენაში, დამაძინებლები  დაგეხმარება სიმშვიდის შენარჩუნებაში, სილიციუმი გაგიმაგრებს ძვლებს,  ნიორი, ხახვი და ხილი ტვინს მიაწოდებს ჯანსაღ სისხლს...
 “სად ვართ?” ჩუმად კითხულობს პეტერი და ცხვირს ჩემს პერანგზე იფხანს
 “ცოტა დარჩა და მივალთ”
 “როგორ გრძნობ თავს?”
 “არაჩვეულებრივად, თითქოს უნივერსიტეტის დაწყებიდან პირველი უიქენდია და მოუთმენელად ველოდები როდის გავუზიარებ მშობლებს პირველ შთაბეჭდილებებს... არადა 25 წლის ვარ... უკვე ვამთავრებ ცხოვრებას”
 “შენ სულ არ გავხარ 25 წლის გოგოს, გაცილებით პატარა ხარ და გაცილებით დიდი... ერთი სიტყვით უასაკო ხარ”
  “უასაკო არა... უკვე ბებერი, რომელმაც ცხოვრებაში ევრაფერი მნიშვნელოვანის გაკეთება და დატოვება ვერ მოასწრო და საბოლოო სარეცელზე მიტირის წარსულს”
  “ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეგეძლო გაგეკეთებინა უკვე გააკეთე - თავი შემაყვარე და სიყვარული ისწავლე...  ხანდახან ასეც ხდება ადამიანებს ვეჩვევით, ძალიან ვეჩვევით და მერე ვხვდებით  რომ მათ უნდა დავემშვიდობოთ... სამუდამოდ. როცა ერთ მზიან დღეს შენი ბინის უკანა ქუჩიდან ეკლესიის ზარები დარეკავენ შენ აღარ იქნები ჩემთან და მონატრების ტკივილი შეცვლის ყველა ბედნიერ წამს შენთან გატარებულს.” მხარზე მკოცნის და ისევ საძილედ ეწყობა.
  საოცარია, როგორ შეუძლია ასე ადვილად შეხედოს ყველაფერს... მეძინება...

 ჟილინას ავტოსადგურზე ძველ, წითელ რენოს შუახნის მამაკაცი მიყუდებია, ლურჯი საწვიმარი ლაბადა აცვია, მკლავებით ბუდე გაუკეთებია და წარბქვეშიდან იყურება
 “ისეთი გრძნობა მქონდა შენ და ლიდიას უნდა დაგხვედროდით”
 საპასუხოდ მხოლოდ ვუღიმი და მწუხარებით მეწურება გული
“პეტერ, როგორ ხარ ძველო?” ხელს უტყაპუნებს მხარზე, ცდილობს ახალგაზრდულად მოიქცეს...

 “თავად როგორ გიკითხოთ?”
 “ძველებურად... მალე, თორემ დავსველდებით, ჭირი მოგვჭამა ზაფხულმა, სამი დღეა გადაბმულად წვიმს”
 “გზაში ყველგან მზე იყო” გაკვირვებით ამბობს პეტერი და თმიდან წვიმის წვეთებს იფერთხავს.
 “ნეტა რა გახსოვს, მთელი გზა გეძინა”


 “მეძინება” მთქნარებით ამბობს ლიდია, თავს მაგიდაზე, ხელებით გაკეთებულ ბუდეში დებს და ოხრავს
“მე კიდე ხვალისთვის სტატია მაქვს დასამთავრებელი” ვდუდღუნებ მე და ჩაის დიდ ყლუპს ვსვამ
 “შენ კიდე როგორ იცი ყველაფერზე გადაყოლა, კლიშე ხომ გაქვს,მიდი და დაწერე რა”
 ვუყურებ ახლადთმაშეღებილ წვრილ გოგონას, ჩემს წინ რომ ზის და როგორც ყოველთთვის წუწუნებს, ამჯერად წინა ღამეზე, რომელიც წვეულებაზე გაუტარებია... ახლა აღარაფერი აქვს კოლეჯში გაცნობილ ახლადშეღერებულ თინეიჯერთან, მაგრამ ჩემთვის მაინც ის ლიდიაა, მიუხედავად იმისა რომ ახლა ყველაზე ნაკლებ დროს სწავლას უთმობს, წერა კი ლამის შეძულდეს.
 “ცოტა ნაკლები დრო რომ დაგეთმო გართობისთვის და მეტი სწავლისთვის, იქნებ მეტი ქულ ები დაგეგროვებინა...”
 “ოღონდაც მარია, არავინ იცის რა იქნება... შეიძლება ხვალ გადავბრუნდე და მოვკვდე, ისე რომ ჩემი სახელის და გვარის წაკითხვა მარტო ნეკროლოგების განყოფილებაში მოგიწიოს, შენ კიდე მთხოვ რომ ნამდვილ ცხოვრებაზე უარი ვთქვა? ეს შენ უნდა დაიწყო წესიერად ცხოვრება, სადაც წამიყვანიხარ ყველგან მარცხვენ”
 “რას ქვია გარცხვენ?”
 “ისე ხარ თითქოს პანაშვიდზე იყო... ცოტა გაინძერი, ბიჭებს შეხვდი, დაკავდით სიყვარულით, დაიწყე სიგარეტის ან მარიხუანას მოწევა, მერე გაიგებ რა არის ცხოვრება და არა სულელური სტატიების წერით... მე კი.. მე... ხედავ, ვგრძნობ რომ ცოცხალი ვარ... ცოცხალი”
  რამოდენიმე დღის შემდეგ ლიდია გულის შეტევით გარდაიცვალა ღამის კლუბის ტუალეტში, მე კი ერთი თვის შემდეგ მეტასტაზები აღმომიჩინეს თავის ქალის კედელზე”
 მკვეთრმა შეხტომამ ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელზე გასულ წელთა ბურანიდან გამომაფხიზლა, წამში გაქრნენ ძველი მეგობრების ხატებები, წვეულებების ხმაური, თავზე დათენებული ღამეები, გამოცდები, ნერვიულობა, ნერვიულობა, ნერვიულობა... საიდან იცოდა ლიდიამ თავისი ბედის ამბავი? თან მეც იგივე მემართება... ისე მივდივარ აქედან ჩემი წილი დაღლა და ნაოჭიც არ მიგემია, მივდივარ ბედნიერი და გულდაწყვეტილი, აი ეს ბიჭი ჩემს წინ რომ ზის და სულელურ თემაზე ელაპარაკება მამაჩემს, არ მემეტება დასატოვებლად... მთელი ამ ხნის მანძილზე ვცდილობდი ისე ახლოს მომეყვანა ჩემამდე რომ შევსისხლხორცებოდით ერთმანეთს, მაგრამ ვერ მოვახერხე, მაგიჟებს ის ფაქტი, რომ შეიძლება დილით გავიღვიძო და სულაც ვერ ვიცნო, ვგრძნობ ასე მალე და ხშირად მოხდება, რატომ დავრთე ნება რომ წამოსულიყო და ამ ყველაფრისთვის სახეში ეცქირა.