Saturday, November 9, 2013

ფიქრი ოცდამეთექვსმეტე

    გზა ბრატისლავადან ჩემს ქალაქამდე ცოტა არ იყოს გაიწელა, პეტერი უკვე ჩემზეა მოსვენებული და პირდარებულს ძინავს, როგორც ყოველთვის, მე კი ფანჯარაზე ცხვირმიჭყლეტილი ვცდილობ, მინაზე არეკლილი ხედები სამუდამოდ ჩავიბეჭდო გონებაში, ექიმმა მგზავრობა არასასურველად მიიჩნია, ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ, მეც ავდექი და წამოვედი, თავს კარგად ვგრძნობ, არაჩვეულებრივად ექიმის სიტყვები მახსენდება: მაშინ როცა გგონია ყველაფერი დაწყნარდა, ყველაზე დიდი ტკივილების ტალღები დაიწყება. ცოტა არ იყოს მეშინია, ალბათ ვერ გავუძლებ, დამაძალებენ მორფინს და ყველანაირი სახის გამაყუჩებლებს,  ვუბრუნდები ჩემს ძველ ექიმს, ალბათ ის ისევ გამომიწერს და დიდ ანოტაციას მოაყოლებს: ე ვიტამინი დაეხმარება შენს სხეულს ენერგიის აღდგენაში, დამაძინებლები  დაგეხმარება სიმშვიდის შენარჩუნებაში, სილიციუმი გაგიმაგრებს ძვლებს,  ნიორი, ხახვი და ხილი ტვინს მიაწოდებს ჯანსაღ სისხლს...
 “სად ვართ?” ჩუმად კითხულობს პეტერი და ცხვირს ჩემს პერანგზე იფხანს
 “ცოტა დარჩა და მივალთ”
 “როგორ გრძნობ თავს?”
 “არაჩვეულებრივად, თითქოს უნივერსიტეტის დაწყებიდან პირველი უიქენდია და მოუთმენელად ველოდები როდის გავუზიარებ მშობლებს პირველ შთაბეჭდილებებს... არადა 25 წლის ვარ... უკვე ვამთავრებ ცხოვრებას”
 “შენ სულ არ გავხარ 25 წლის გოგოს, გაცილებით პატარა ხარ და გაცილებით დიდი... ერთი სიტყვით უასაკო ხარ”
  “უასაკო არა... უკვე ბებერი, რომელმაც ცხოვრებაში ევრაფერი მნიშვნელოვანის გაკეთება და დატოვება ვერ მოასწრო და საბოლოო სარეცელზე მიტირის წარსულს”
  “ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეგეძლო გაგეკეთებინა უკვე გააკეთე - თავი შემაყვარე და სიყვარული ისწავლე...  ხანდახან ასეც ხდება ადამიანებს ვეჩვევით, ძალიან ვეჩვევით და მერე ვხვდებით  რომ მათ უნდა დავემშვიდობოთ... სამუდამოდ. როცა ერთ მზიან დღეს შენი ბინის უკანა ქუჩიდან ეკლესიის ზარები დარეკავენ შენ აღარ იქნები ჩემთან და მონატრების ტკივილი შეცვლის ყველა ბედნიერ წამს შენთან გატარებულს.” მხარზე მკოცნის და ისევ საძილედ ეწყობა.
  საოცარია, როგორ შეუძლია ასე ადვილად შეხედოს ყველაფერს... მეძინება...

 ჟილინას ავტოსადგურზე ძველ, წითელ რენოს შუახნის მამაკაცი მიყუდებია, ლურჯი საწვიმარი ლაბადა აცვია, მკლავებით ბუდე გაუკეთებია და წარბქვეშიდან იყურება
 “ისეთი გრძნობა მქონდა შენ და ლიდიას უნდა დაგხვედროდით”
 საპასუხოდ მხოლოდ ვუღიმი და მწუხარებით მეწურება გული
“პეტერ, როგორ ხარ ძველო?” ხელს უტყაპუნებს მხარზე, ცდილობს ახალგაზრდულად მოიქცეს...

 “თავად როგორ გიკითხოთ?”
 “ძველებურად... მალე, თორემ დავსველდებით, ჭირი მოგვჭამა ზაფხულმა, სამი დღეა გადაბმულად წვიმს”
 “გზაში ყველგან მზე იყო” გაკვირვებით ამბობს პეტერი და თმიდან წვიმის წვეთებს იფერთხავს.
 “ნეტა რა გახსოვს, მთელი გზა გეძინა”


 “მეძინება” მთქნარებით ამბობს ლიდია, თავს მაგიდაზე, ხელებით გაკეთებულ ბუდეში დებს და ოხრავს
“მე კიდე ხვალისთვის სტატია მაქვს დასამთავრებელი” ვდუდღუნებ მე და ჩაის დიდ ყლუპს ვსვამ
 “შენ კიდე როგორ იცი ყველაფერზე გადაყოლა, კლიშე ხომ გაქვს,მიდი და დაწერე რა”
 ვუყურებ ახლადთმაშეღებილ წვრილ გოგონას, ჩემს წინ რომ ზის და როგორც ყოველთთვის წუწუნებს, ამჯერად წინა ღამეზე, რომელიც წვეულებაზე გაუტარებია... ახლა აღარაფერი აქვს კოლეჯში გაცნობილ ახლადშეღერებულ თინეიჯერთან, მაგრამ ჩემთვის მაინც ის ლიდიაა, მიუხედავად იმისა რომ ახლა ყველაზე ნაკლებ დროს სწავლას უთმობს, წერა კი ლამის შეძულდეს.
 “ცოტა ნაკლები დრო რომ დაგეთმო გართობისთვის და მეტი სწავლისთვის, იქნებ მეტი ქულ ები დაგეგროვებინა...”
 “ოღონდაც მარია, არავინ იცის რა იქნება... შეიძლება ხვალ გადავბრუნდე და მოვკვდე, ისე რომ ჩემი სახელის და გვარის წაკითხვა მარტო ნეკროლოგების განყოფილებაში მოგიწიოს, შენ კიდე მთხოვ რომ ნამდვილ ცხოვრებაზე უარი ვთქვა? ეს შენ უნდა დაიწყო წესიერად ცხოვრება, სადაც წამიყვანიხარ ყველგან მარცხვენ”
 “რას ქვია გარცხვენ?”
 “ისე ხარ თითქოს პანაშვიდზე იყო... ცოტა გაინძერი, ბიჭებს შეხვდი, დაკავდით სიყვარულით, დაიწყე სიგარეტის ან მარიხუანას მოწევა, მერე გაიგებ რა არის ცხოვრება და არა სულელური სტატიების წერით... მე კი.. მე... ხედავ, ვგრძნობ რომ ცოცხალი ვარ... ცოცხალი”
  რამოდენიმე დღის შემდეგ ლიდია გულის შეტევით გარდაიცვალა ღამის კლუბის ტუალეტში, მე კი ერთი თვის შემდეგ მეტასტაზები აღმომიჩინეს თავის ქალის კედელზე”
 მკვეთრმა შეხტომამ ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელზე გასულ წელთა ბურანიდან გამომაფხიზლა, წამში გაქრნენ ძველი მეგობრების ხატებები, წვეულებების ხმაური, თავზე დათენებული ღამეები, გამოცდები, ნერვიულობა, ნერვიულობა, ნერვიულობა... საიდან იცოდა ლიდიამ თავისი ბედის ამბავი? თან მეც იგივე მემართება... ისე მივდივარ აქედან ჩემი წილი დაღლა და ნაოჭიც არ მიგემია, მივდივარ ბედნიერი და გულდაწყვეტილი, აი ეს ბიჭი ჩემს წინ რომ ზის და სულელურ თემაზე ელაპარაკება მამაჩემს, არ მემეტება დასატოვებლად... მთელი ამ ხნის მანძილზე ვცდილობდი ისე ახლოს მომეყვანა ჩემამდე რომ შევსისხლხორცებოდით ერთმანეთს, მაგრამ ვერ მოვახერხე, მაგიჟებს ის ფაქტი, რომ შეიძლება დილით გავიღვიძო და სულაც ვერ ვიცნო, ვგრძნობ ასე მალე და ხშირად მოხდება, რატომ დავრთე ნება რომ წამოსულიყო და ამ ყველაფრისთვის სახეში ეცქირა.
 “მოვედით!” საზეიმო ხმით ამბობს მამა
 მართლაც, მოვსულვართ...
 აქაა ჩემი ძველი სახლი, თავისი მწვანე კრამიტის სახურავით და სლოვაკებისთვის დამახასიათებელი ყველა სხვა დეტალით, ეზო სახლის წინ, დაბალი ღობე, ხეები, საქანელა და  რაც მთავარია აივანზე გადმომდგარი დედა.
 “ჩემი გოგო ჩამოსულაა!” ხელებგაშლილი მორბის და გულში მიკრავს, აღარ მეგონა შენს ნახვას კიდევ თუ ვეღირსებოდი
 “ჯერ სიკვდილს არ ვაპირებ, დედა... პეტერი გახსოვს?”
 “კეთილი იყოს შენი მობრძანება პეტერ...”
 ჯერ არ იციან რომ ბოლომდე აქ ვაპირებ დარჩენას... ამ სიხარულის ელდა შემდეგისთვის იყოს, ახლა ვახშამი იქნება, ჩემი სანათესაოსთვის უფრო, ვიდრე ჩვენთვის, დალევენ, დათვრებიან, პეტერსაც დამითრობენ, დალევენ ჩემი კარგად ყოფნის სადღეგრძელოს, იმის მიუხედავად რომ ყველამ იცის კარგად რომ აღარ ვიქნები... მერე წავლენ სტუმრები, მთვრალი მამაჩემი აივანზე სარწეველაში გავა სიგარეტის მოსაწევად, ალბათ პეტერსაც გაიყოლებს, მე და დედა ჭურჭელს დავრეცხავთ დავალაგებთ მთვრალებს საძინებლებში გავისტუმრებთ, მერე დედაჩემი მოყვება წუწუნს... ა, ჰო, დამავიწყდა, საყვედურების ზღვას დამაყრის რომ გათხოვების გარეშე მაქვს კაცთან ურთიერთობა... ღმერთო ჩემო, როგორი მომაბეზრებელია ყველაფერი... თითქოს აზრი ქონდეს ამ საყვედურებს, ან რამეს ცვლიდეს...
 ასე იწყება ჩემი ზილინაში ცხოვრება... ერთადერთო დადებითი ემოციის მომგვრელი ჩემი ძველი ოთახია. ზუსტად ისეთი როგორიც დავტოვე. ღმერთო ჩემო, ჯონ კიუსაკის და თეიქ ზეთის პოსტერებიც კი ისევ ისეა ნაღეჭი კევით მიწებებული...
 “Look at this!”  ამერიკული აქცენტით ამბობს მთვრალი პეტერი და ჩემს საწოლზე ეხეთქება “მთელი მუზეუმია!”
 “ყველაფერია, რაც ჩემგან დარჩება... ლიდიასგანაც ეს დარჩა, მხოლოდ სურათები... მოგონებები”
 “გინდა მომიყვე?”
 “ღმერთო ეს ფსიქოლოგები, რაც გინდა რომ მოგიყვე, ყველაფერი უკვე იცი... “ მის გვერდით საწოლზე ვჯდები “ვოცნებობდით ეიფელის აივნიდან გადმოგვეფურთხებინა, ერთმანეთისთვის პირში გვებოლებინა მარიხუანას კვამლი, დილამდე გვეცეკვა იბიცაზე, ერთად ვუყურებდით პორნო ფილმებს და მერე ჭერზე თვალმიშტერებულები ვუყვებოდით ერთმანეთს როგორი იქნებოდა პირველი ღამე კაცთან და მერე ის მოკვდა, მე კი სიმსივნე აღმომიჩინეს... ასე, ყველაფერმა აზრი დაკარგა... შენამდე. ახლა რა იქნება... ფიზიკური და სულიერი ტკივილი... მეც... შენც... მერე მე შენი მოგონება გავხდები და შენც ჩაებმები ჩვენს ჯაჭვში...” ნელა ვხოხდები მისკენ და თავს მკერდზე ვადებ “ორჯერ მოდი ხოლმე ჩემთან, ან თუნდაც ერთხელ... 19 მარტს... ღმერთო ჩემო, ეს ყველაფერი როგორ ემგვანება სუსტ ლიტერატურულ ნაწარმოებს”
 “გააგრძელე... დამიჯერე შვებას იგრძნობ”
 “ნანახი გაქვს ფილმი მკვდარი პოეტების საზოგადოება?”
 “კი, მერე?”
 “ჩვენც გვქონდა ნანახი და გადავწყვიტეთ მსგავსი შეგვექმნა”
 “მაგარია, მერე?”
 “მოხიბლულეი ვიყავით, თვითონ მსახიობებითაც და მთლიანად ფილმითაც, რამოდენიმე ღამე მართლა გავატარეთ რამოდენიმე გოგომ, ლუსიანას ბაღის უკან  კარავში, მაგრამ მერე სხვებს მობეზრდათ, მე და ლუსიანა კი ამას  ჩვენს ოთახებშიც ვაკეთებდით, მერე ისიც გაიზარდა და მომიწია პოეზიისთვის თავი დამენებებინა, აზრი არ ქონდა,  ჩემგან მწერალი ვერ გამოვიდოდა”
 “ვითომ რატომ? მშვენივრად წერ”
 “ჩემს მშობლებს არასოდეს უსაუბრიათ ჩემს სიყვარულზე, გათხოვებაზე, შვილების ყოლაზე, მაშინაც კი როცა პატარა გოგო ვიყავი მხოლოდ ჩემს კარიერაზე ფიქრობდნენ, დიზაინერი, ადვოკატი ან რაღაც ასეთი უნდოდათ გამოვსულიყავი, როცა ვთქვი მწერალი მინდა გავხდე მეთქი, მითხრეს ჟურნალისტობა ჯობიაო, მინდოდა მოხუცების თავშესაფარი გამეხსნა მითხრეს სამედიცინოზე ჩააბარეო, ჩემს ყველა სახალისო ამბიციას პრაქტიკულ, ფულის შემომტან პროფესიად გადააქევდნენ ხოლმე, რა მექნა ნილ პერივით თავს ხო არ მოვიკლავდი, მეც ჟურნალისტიკურზე ჩავაბარე”
 “და ლიდია?”
 “მას არ უნდოდა ერთმანეთს დავშორებოდით, ამბობდა სიშორე ყველაზე დიდი მტერია ურთიერთობებისო და იმანაც იმავე უნივერსიტეტში ჩააბარა სადაც მე მინდოდა... იცი რა? სანამ ჯანმრთელი გონება შემრჩენია, მინდა ყველაფერი გაჩვენო, ახლა საკურორტო სეზონია, ყველაზე კარგი პერიოდი ქალაქში, ხვალ ტყეში გავისეირნოთ”
 “კარგი, მაგრამ ეხლა ნება მომეცი დავიძინო”




  

No comments:

Post a Comment