Thursday, September 5, 2013

ფიქრი ოცდამეთხუთმეტე


სადაცაა შუაღამე გადავა,  მაისის ხმაურიანი, დღის ლოგიკური დასასრულია, მწვანე მოლის შუაში, ოდნავ  შემაღლებულ საცეკვაო მოედანზე რამოდენიმე წყვილი ზანტად ირხევა, ჰაერში ალკოჰოლის და პიროტექნიკის კვამლის სუსტი სუნი იგრძნობა. მთავარი სტუმრები და ამ დღის მთავარი გმირები, კარგა ხანია წავიდნენ დანარჩენები კი სხვადასხვა მიზეზის გამო ისევ აქ ვართ.
 თეთრ არშიაშემოვლებულ სკამზე ვზივარ და შიშველი ფეხები მეორეზე შემომიწყვია, ახლა ვგრძნობ რამდენად დამღლელი იყო დღე, ახლა ვგრძნობ დაუკმაყოფილებლობას და უსაღვრო მონატრებას წარსულებისადმი, რომლებიც ახლა ალბათ რიოსკენ მიმავალ თვითმფრინავში ეკონომ კლასის განყოფილებაში სხედან და დაღლილები იხსენებენ გასულ დღეს.
“მგონი დროა წავიდეთ” არსაიდან ჩნდება პეტერი, იმ სკამზე ჯდება, სადაც წამის წინ ფეხები მედო, მერე ჩემს ტერფებს ხელებში იქცევს და მსუბუქ მასაჟს მიკეთებს, მეღუტუნება, მაგრამ, სასიამოვნოდ, სანაცვლოდ მხოლოდ ვუღიმი და ფუჟერიდან ვარდისფერ შამპანურს ვწრუპავ, ალბათ მეათასე ყლუპია, არასრულწლოვანივით მთელი დღეა ჩუმად ვსვამ, ახლა კი ეს აღარ მადარდებს, პეტერი არ იმჩნევს, ხელის მსუბუქი მოძრაობით იხვეტს თმას კეფისკენ და ისევ ჩემს ფეხებს უბრუნდება.
  სმოკინგის ნარჩენები აცვია, მუქი ჟილეტი, თეთრი პერანგი და გახსნილი ბანტი, ისიც დაღლი და შემთვრალი ჩანს, სიგარეტის და სპირტიანი სასმელის  სუნს აფრქვევს.
  “დღეს არ მითქვამს რომ საოცარი იყავი… ძალიან ლამაზი”