Monday, December 2, 2013

ფიქრი ოცდამეცხრამეტე

მინდიხარ!” ტუჩების მოძრაობით მეუბნება  მაგიდის მეორე მხრიდან.
  პეტერის ჩამოსვლასთან დაკავშირებით წვეულება გამართეს სახლის უკანა ბაღში, ვაშლების ქვეშ.
  სახეაწითლებული იოსი ლუსიანასთან ჩახუტებული წევს ჰამაკში, დედაჩემი მთვრალ მამაჩემს ეჩხუბება, პეტერი ღიმილით მიყურებს და მერე ისევ იმეორებს
 “მინდიხარ.”
 სამი კვირაა არ მინახავს, ორი კვირის წინ შოკური შეტევა მქონდა, ისევ საავადმყოფოში ვიყავი და ისევ გამოვიქეცი, როგორღაც ახერხებენ გამიწელონ სიკვდილის პროცესი, მაგრამ უკვე ისე გამოვიყურები როგორც მოსიარულე მკვდარი და პეტერს კიდევ ერთხელ უნდა ჩემთან დაწოლა.
 შალის პლედს მჭიდროდ ვიხვევ სხეულზე…
 “მგონი აცივდა”  ტყუილის გამო ბურძგლები მაყრის, ან იმის გამო, რატომაც ამ ტყუილს ვიძახი “წავალ დასაძინებლად”
 “წამოგყვები” ამბობს დედაჩემი და დასახმარებლად იწევს
 “მე თვითონ”


 სხეული გამოფიტული მაქვს, ძარღვებში სისხლის მაგივრად მორფინი და რინგერი დაღორავს,  კანი ანტარქტიდაზე ნამყოფვით მაქვს გათეთრებული და აქეცილი, დიდ ძალას ვატან ყოველ ნაბიჯს, მინდა ღირსეულად ვიარო რომ არავინ ეჭვი არ შეიტანოს ჩემს სისუსტეში.
 სახლში ვაშლის შტრუდელის სუნი დგას. ჩემს ოთახშიც, ეზოდან ელტონ ჯონის “მსხვერპლშეწირვის” ნელი რიტმები იღვრება, ვიცი რომ ცხელა, ამის საწინააღმდეგოდ შალის პლედს უფრო ვიკრავ სხეულზე და ვინაბები.
  “მარია, აქ ხარ?” ჩუმად იძახის პეტერი და ოთახში შემოდის, ვიცი რომ ცოტა მთვრალია, მაგრამ ახლა ისე მინდა მასთან ღვინის სუნსაც ავიტან.
  “დაძინებას აპირებ?” გვერდით მიჯდება
  “შენც იცი რომ არა” 
  ღამის ფონზე შავად ჩანს მისი სახის ნაკვთები, წარბები შეუკრავს და გარეული ცხოველივით მიყურებს.
  უიმისოდ გატარებული რამოდენიმე კვირა ჯოჯოხეთი იყო ჩემთვის. ცარიელი საწოლი, სიცივე ღამე, ნაძალადევი გაღვიძება ყოველ დილით, მეზობლები, ბავშვები, მზე, სიცხე, ზარები ტელეფონზე, მილიონჯერ გადაკითხული წიგნები, რადიო, საუზმე, ლანჩი ეზოში, სადილი, ვახშამი… მენატრებოდა, ისე მენატრებოდა, ოღონდ მოსულიყო და დღეებს აღარასოდეს დავითვლიდი სიკვდილამდე. მოვიდა… ჩემდა მოულოდნელად… როცა ვფიქრობდი  სულ მიმატოვა… მოვიდა და გამათბო, ერთი მითხრა მომენატრე და ავილეწე, დავდნი, ცეცხლის მდინარედ გადმოვედი…
  ტირიხარ?” მეკითხება და გულში მიკრავს.
  ვტირივარ, მეც ვხვდები რომ სახე სველი მაქვს, ვხვდები რომ ისიც ტირის, ჩვენ ორნი ვართ ამ სამყაროში, ერთი მე, რეალობას შეგუებული ქალი და მეორე ის, ფსიქოლოგი კაცი და ორივე ვტირივართ,- ერთმანეთს დავტირივართ.
 “გვეყო!” ჩუმად თქვა, ალბათ ასე დიდი ხანი ვიყავით, რადგან სიცივით გამაჟრჟოლა როცა მომშორდა.
 ცერით მიწმინდავს ცრემლებს და მომჩერებია... უსასრულოდ...

 ვეღარ ვითმენ... უნდა ვაკოცო!..

No comments:

Post a Comment