კვირის
ბოლოა, ზაფხულის ხვარტმი ნელ-ნელა გაქრა, როგორც იქნა წვიმს, ზაფხულის მიწურულის შხაპუნა
წვიმაა გარეთ, ატალახებს გაზონებს, რეცხავს ტროტუარებს, ანაცრისფრებს ისედაც ბინდისფერ
ქალაქს. ჩვეულ პოზაში, რადიატორზე ფეხებშემოწყობილი ვზივარ, რადიოდან კი ბუდა ბარის
წყნარი მელოდია იღვრება, თუ არ ვცდები Love From Heart ქვია...
თმა მალე ისევ შესაღები მექნება... რა დროს ესაა,
ჯერ კიდევ ვერ გამოვსულვარ გასული კვირის ეიფორიებიდან... ვზივარ და ჩემს თავს ველაპარაკები,
ბოლო დროს ვხვდები რომ ფიქრი კი არა ჩემი ეგოსთვის ამბების მოყოლა გამომდის, თითქოს
წარმოსახვით დიქტოფონზე ვწერ დღიურებს... თუ ჩემს გონებას ასე უნდა დაე, იყოს ასე...
ერქვას დღიური, მარიას დღიური, ალბათ ერთ ერთი იქნება იმ უამრავი ლიტერატურული დღიურიდან
მსოფლიო რომ ინახავს, ანე ფრაკნის დღიური, ... და მარია კანეს დღიური, კარგი იქნებოდა
ჩემი ცხოვრებაც თუ ოდესმე ლიტერატურად იქცევა და უფრო დიდი სიხარული იქნება ეს ვინმეს
თუ დააინტერესებს.
“მარია მოვედი!” შემოსასვლელიდან ყვირის პეტერი
არ ველოდებოდი დღეს, ჩავარდა ჩემი მოსაწყენი საღამო.
“კი მარა უშენოდ რომ აღარ შემიძლია ხომ იცი?!” ქაღალდის
პარკებით ხელში შემოვიდა სასტუმრო ოთახში, შავი მაისური აცვია და ჯინსი, თმები შეუკრეჭია,
ცოტა განსხვავებულად გვერდებზე თმები ძალიან მოკლედ აქვს, ზუსტად დაემსგავსა ახლა ბაბუამისის
ახალგაზრდობის სურათს სასტუმრო ოთახში რომ ეკიდათ.
“მე კი მეგონა საღამოს უსაქმურობაში, მშვიდად გავატარებდი”
“მაგისთვის დრო ყოველთვის დაგრჩება, ვახშმად რა
გვაქვს?”
“არაფერი”
“მაშინ სპაგეტი გვექნება ყველით და პომიდვრის სოუსით...
სანამ გავაკეთებ მოწყენის უფლებაც გაქვს” მიღიმის და კეფაზე მკოცნის, მერე ხარბად ისუნთქავს
ჩემი თმის სურნელს “როგორ მომენატრა ეს სუნი”
ორი დღეა არ მინახავს, ვცდილობდით ერთად გატარებული
კვირის მერე ერთმანეთისგან დაგვესვენა.
მას შემდეგ რაც ჩემი მხედეველობა ასე თუ ისე აღდგა,
ექიმებმა წამლებზე შესვევს, ახლა ნამდვილად აღარ შემიძლია უარი ვთქვა მკურნალობაზე,
თუნდაც იმიტომ რომ მიუხედავად ჩემი შინაგანი ბრძოლისა, ვალდებულება ვიკისრე ამდენი
ხალხის წინაშე, მშობლების გარდა გაჩნდნენ რაფაელი, ლუსი და იოსი და რა თქმა უნდა ჩემი
განუმეორებელი პეტერი, რომელიც ახლა წყალს ადუღებს და ვალსის მუსიკას ღიღინებს. იმის
აღსანიშნავად, რომ როგორც იქნა საღად და რაციონალულად მსჯელობა დავიწყე, პეტერმა გერმანული
არდადეგები მომიწყო თავის ქალაქში, მშობლების სახლში.
ქვეყანაში, რომელიც ოდესღაც უზარმაზარი და ძლევამოსილი
იმპერია იყო, ქვეყანა რომელმაც ამდენ შევიწროვებას, რეპრესიებს გაუძლო, გაუძლო ორ მსოფლიო
ომს და დღეს მაინც ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ინარჩუნებს მსოფლიოში, სტუმრობა მოულოდნელად
სასიამოვნო გამოდგა, არ აღვფრთოვანებულვარ, მაგრამ მაინც დამამშვიდა წყნარმა გარემომ
რომელიც ქალაქში იყო.
პეტერის მამა ბანკირია, როგორც აღმოჩნდა საკამო
ფულს ხვეტავს, ჰანოვერში უზარმაზარი სახლი აქვთ, თუმცა ქალაქში ყოფნას სოფელი ურჩევნიათ,
სადაც მწვანე ბაღში ტრადიციული ვილჰელმის და მეტ-ნაკლებად ბრიტანული სტილის სამსართულიანი
სახლიც უდგათ, ეხლა რომ მახსენდება როგორი ამაღელვებლად ტრადიციული იყო ყველაფერი მიხარია
რომ იქ ვიყავი, დილით მაღვიძებდა თაკარა მზე,
ვდგებოდი ადრიანად და ბაღში სარწეველაში ვაგრძელებდი თვლემას.
პეტერს ყავს ორი ძმა, უფროსი იურგენი, რომელიც ასევე
ჰანოვერში ცხოვრობს ცოლთან და შვილთან ერთად და მაქსი უმცროსი, რომელიც ჯერ ისევ ბონის
უნივერსიტეტის სტუდენტია, მის ოჯახთან ასე ახლოს მისვლამ და გაცნობამ ერთი ნაბიჯით
წაგვწია ურთიერთობაში, ღამღამობით მის გვერდით რომ მეძინა ოთახში სადაც მთელი ცხოვრება
გაატარა, ცხადად წარმოვიდგენდი მის ბავშვობას, თინეიჯერობას, რომ ის 72-ში დაიბადა,
მე 78-ში, რომ მე როცა დავიბადე ის უკვე ბაღს ამთავრებდა, როცა პირველი ნაბიჯები გადავდგი
ის პირველ ასოებს სწავლობდა, როცა მას სკოლაში მერხის მეზობელი გოგონა შეუყვარდა მე
ბაღში მიმიყვანეს, როცა მან პირველი აკრძალული სიტყვა წარმოთქვა, მე ჩვეულებრივი რთული
სიტყვების გამოთქმაც არ შემეძლო, როცა ის ამ ოთახში მეგობრებთან ერთად ღამეებს ათევდა
მომავალ თავგადასავლებზე ლაპარაკში, მე ჩემს პირველ წიგნებს ვკითხულობდი და პირველ
მეგობრებს ვიძენდი, მან რომ პირველად წვერი გაიპარსა, მე ქალი ჯერ კიდევ არ ვიყავი, მან რომ სკოლა დაამთავრა, მე დედაჩემი კარაქიანი
პურის შეუჭმელობის გამო მსჯიდა, ის რომ უნივერსიტეტელ გოგონებთან ერთობოდა, მე ჯერ
ისევ ვხარობდი ბავშვობით და ამოსაბურცი მკერდით, როცა პეტერი ღამეებს ათევდა ფსიქოლოგიურ
და ფილოსოფიურ მსჯელობებში სიგარეტის კვამლით გამოტენილ ოთახებში, მე პირველი კოცნის
გემო მაშინ გავიგე, პეტერი რომ უნგრეთში ჩამოვიდა საცხოვრებლად, მე მაშინ სწავლას თავს
ვაკლავდი რომ რამე მნიშვნელოვანი გამომეძერწა საკუთარი თავიდან, პეტერმა მუშაობა რომ
დაიწყო, მე უნივერსიტეტში ჩავირიცხე, პირველად რომ მართლა შეუყვარდა მე მაშინ უნივერსიტეტი
დავამთავრე, როცა პეტერი საცოლემ მიატოვა, მე კიბო დამიდგინეს...
იზრდები, ხდები დიდი,
შემდეგ ფიქრობ რომ ქვეყნად ყველაფრის გამოცდილება მიიღე, გგონია რომ ყველაფერი იცი, თვლი რომ სრულიად ჩამოყალიბებული და სრულყოფილი პირობვნება ხარ, მოულოდნელად ტვინში გადატრიალება ხდება, ახალი გრძნობის განცდას იწყებ, იტანჯები, და როდესაც საკუთარი თავის სიძულვილს იგრძნობ, სწორედ მაშინ ყალიბდები და დასახმარებლად სიყვარული მოდის. როცა ყველაზე ძალიან გვიჭირდა ორივეს, ზუსტად მაშინ შევხვდით
ერთმანეთს, როგორც მოხეტიალე სულები, ნაკლებად მჯერა ამის მაგრამ ამ ბოლო დროს სულ მეფიქრება, იქნებ მართლა არსებობენ ორად გაყოფილი
სულები, რომლებიც მთელი ცხოვრება ერთმანეთის ძებნაში არიან?!.
“პაპრიკა რომ ვუქნა წინააღმდეგი ხომ არ ხარ? სულ
ცოტა სიმწარე ექნება”
“როგორც გინდა, შენი ნებაა”
როგორც ხედავთ სრული იდილიაა ჩემს ცხოვრებაში, საყვარელი
ადამიანი, სამსახური, მეგობრები... არ მინდა ვირწმუნო, რომ ჩემი ცხოვრება ბოლოს და
ბოლოს ემსგავსება, სუსტ ჩვეულებრივ ლიტერატურულ ნაწარმოებს, სულ სხვანაირი წარმომედგინა
ბედნიერება და სულ სხვანაირი ყოფილა, პეტერი ყოფილა ბედნიერება და ყველანაირი ყოველდღიურობა
მასთან რომ მაკავშირებს, რომ ვერასოდეს ვიღლები მისით.
“პეტ, იცი რას შევჭამდი ეხლა?”
“აბა არ მშიაო?”
“აი უცებ მომშივდა”
“რას შეჭამდი?”
“დედაშენის გამომცხვარ ჩიზქეიქს”
“მოგეწონა ჩემი ოჯახი?”
“მომეწონა ცოტა ისეთი ნათქვამია, ხო ნახე წამოსვლა
აღარ მინდოდა, ისეთი თბილი ოჯახი გაქვს, ისეთი შეკრული, მიკვირს როგორ ძლებ მათ გარეშე”
“ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ყველა ადამიანი ეცემა,
ყველას უწევს ტირილი, ყველა გრძნობს თავს არაფრად და ბეზრდება ყველაფერი ძველი, ამისთვის საჭიროა ახალი
გარემო, თავიდან დაწყება, ახალი აღმოჩენები და ემოციები, ვერც წარმოიდგენ ისე მქონდა
მობეზრებული ჩემი ქალაქი და ადამიანები, ზუსტად სულზე მომისწრო აქ ჩამოსვლის შემოთავაზებამ,
უნივერსიტეტიდან გამოგვაგზავნეს რაღაც კონფერენციაზე და პარტნიორი უნივერსიტეტის რექტორანს
მოვწონებივარ და ასე გავხდი ლექტორი”
“ანუ ჯერ ლექტორი იყავი და მერე ფსიქოლოგი”
“ხო ჯერ
ფსიქოლოგიის ლექტორი, თავიდან მონატრება ისეთი მძაფრი იყო მაგიჟებდა, განსაკუთრებით
ღამე, მაგრამ ყველაფერს ეჩვევეა ადამიანი ხო იცი... 10 წუთიც და მზად იქნება”
შემდეგ კვირაში კათეტერს მიდგამენ მკერდში, მეც
არ ვიცი რატო დავუშვი ეს, ალბათ პეტერის გამო რომელიც სულ ჩამჩიჩინებს რომ უნდა ვიბრძოლო,
ვიბრძოლო და ვიბრძოლო, ცუდია რომ ეს ბრძოლა ბოლოს გამარჯვებამდე ვერ მიმიყვანს.
ვახშმის დროა!
No comments:
Post a Comment