Friday, August 9, 2013

ფიქრი ოცდამეშვიდე


   თვალები ააფახულა შემოდგომამ, ტირილი დაიწყო, მერე თმები გაიწეწა და მალე ის თმები ბღუჯა-ბღუჯად დააპნია მიწას, დარჩა მელოტი ნოემბერი მოხეტიალე ცივი ქარის და ცრემლების ამარა, ახლაც ფანჯრის მინაზე ზანტად ეცემა მიწაზე ჩამოტანილი ეს ცრემლები.
   რვა საათია მაგრამ უკვე ღვიძავს ქალაქს ჰაერშიც იგრძნობა ეს,  ისმის ავტობუსების ჭრიალი, ტრამვაის რელსების ხმაური  და მატარებლების საყვირის ხმა, ქუჩაში  საშუალო ხნის ქალი  ხილ-ბოსტნეულს ყიდის, მოაგორებს ურიკას და მთელი ხმით გაყვირის.
 “მოიცადეთ, ჩამოვალ” მეც მთელი ხმით ვუყვირივარ და თავქუდმოგლეჯილი ჩავდივარ კიბეებზე, პიჟამებით და ხალათით.
   “ შეგცივდებათ, ჩაგეცვათ მე დაგელოდებოდით” -თბილად მიღიმის
   “არ მცივა იყოს”
   “ნახე როგორ ყინავს, მეც კი მცივა… რას ინებებ?”
   “ყველა ხილი თითო კილო მინდა და ყვავილოვანი კომბოსტო ორი თავი”
    “ახლავე მოგართმევთ…” ხილს სწრაფად ყრის ქაღალდის პაკეტებში, წვიმისგან დასველებული  ხილეული უფრო მიმზიდველად გამოიყურება, განსაკუთრებით ფორთოხალი და მოცვი.
   “ხილს ბაზრობაზე ყიდულობთ?”  უცებ საოცრად მომინდა მასთან საუბარი
   “რას ამბობთ, ჩემს ფერმაშია მოყვანილი ყველაფერი,  ბუდაპეშტიდან ათ კილომეტრში ვცხოვრობ, მე და ჩემს ქმარს მოგვყავს ყველაფერი და შემდეგ მე ქალაქში ვყიდი, სუპერმარკეტთან შედარებით ცოტა ძვირია, სამაგიეროდ ნატურალურია”
  “ თუ დრო გაქვთ სიამოვნებით დაგპატიჟებთ ცხელ ყავაზე”
  “ვისა, მე?  თქვენ ქალაქელი ქალბატონი ბრძანდებით, აბა მე  როგორ შეიძლება”
  “ სრულიად აფსურდული არგუმენტია, მე თქვენ ყავაზე გეპატიჟებით, უარის გარეშე!”
  ურიკა მძიმედ შემოიტანა  ჰოლში, ტალახიანი ფეხები დაიფერთხა, შემდეგ ფეხსაცმელი გაიხადა და აკურატულად მიაწყო  კუთხეში.
  “ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო…”
  “მარია მქვია”
  “მე ნინა”
  “სასიამოვნოა ნინა”
  სახლში ისევ ისეთი ჩახუთულობაა, გაზზე ჩაიდანი შიშინებს და თეთრს ორთქლს ოთახში აბნევს, შიშნებს ცხელი წყალი რადიატორებში და მაცივარი.
  “ძალიან ლამაზი სახლი გაქვთ”
  “მადლობთ, ყავას დალევთ?”
  “დიახ, თუ შეიძლება”
  ნელა გადმოვალაგე ყავის ატრიბუტები მაგიდაზე, გუშინდელი კექსის მოზრდიი ულუფა და რძის ტოლჩა.
  “თქვენ გათხოვილი ხართ?”
  “არა” ვთქვი და მაშინვე შემრცხვა  “თქვენ გყავთ შვილები?”
  “დიახ, ორი სკოლაში დადიან”
  “დიდი ბედნიერებაა შვილების ყოლა ალბათ”
  “თქვენ თითონ გამოცდით, ზუსტად მათ გამო ვშრომობთ მეც და ევგენიც, ჩვენ ემიგრანტები ვართ, რუსეთიდან”
  “მართლა, სასიამოვნოა, ბავშვობაში ვარ ნამყოფი რუსეთში, საინტერესო ქვეყანაა”
   “ტურისტებისთვის კარგია, სუვენირები, ხიზილალა, არაყი, თევზი, მათთვისაც კარგია ვინც კარგად ცხოვრობს”
   “ყველგან მასეა, ჩემს ქვეყანაშიც”
   “თქვენ  უნგრელი არ ხართ?”
   “არა, ასე რომ ვთქვათ მეც ემიგრანტი ვარ, სლოვაკეთიდან”
   “მთლად ჩვენი მეზობელი ყოფილხართ”
   “მარია, ვიღვიძებ და თუ შეიძლება ყავა გამიმზადე”
მისი არსებობა სულ დამავიწყდა, მივხვდი რომ ალმური მომედო, ნინამაც თვალი ამარიდა, უხერხულობის დასამალად წამოვხტი და ყავის გამზადება დავიწყე.
   “მაინც ტიტველი ნუ გამოტანტალდები, სტუმარი გვყავს… ჩემი საქმროა”  გაუაზრებლად წამოვიძახე
   “აჰა” ანგარიშმიუცემლად მითხრა მანაც და ყავის დიდი ყლუპი მოსვა.
    პეტერი ფაქტიურად ჩემთან ცხოვრობს, ტანსაცმლის და სხვა ნივთების თითქმის ის რაოდენობა აქვს ჩემთან რაც საკუთარ სახლში, ბოლო დროს მოვუხშირე ცუდად გახდომას და ალბათ მარტო ვეღარ მტოვებს, მეც  ასე უფრო მშვიდად ვარ და სიმხნევეც მემატება. წინა კვირას გადავწყვიტე კათეტერა ამოღება, ისე რომ პეტერმა არაფერი იცის, ალბათ შობის მერე განვახორციელებ. თქვენ არ იცით ეს რა საშინელებაა, დაახლოებით ერთ მეტრიანი მილი რომელიც შენს სხეულშია, როცა გრძნობ რომ რაღაც ზედმეტი გაწუხებს, ხელს რომ დაიდებ და გრძნობ როგორ აფართოებს არტერიას, და რომელიც  ოთხი პატარა სხვადასხვანაირი დაბოლოების მილაკით მთავრდება. ამ მილით მიშხაპუნებენ ათასგვარ ქიმიურ ნაერთს  სხეულში რომ რამოდენიმე საათით შეაჩერონ უჯრედების კვდომა.
  “დილა მშვიდობის თქვენც ქალბატონო და თქვენც ჩემო ქალბატონო” ახალგაღვიძებული პეტერი მაგრად მკოცნის ლოყაზე
   “დილა მშვიდობის, შენი ყავა მზადაა”
   “ახლავე მივაკითხავ”
  ნინას პირისპირ ჯდება, მაგიდის მეორე მხარეს, ანუ ჩემს სკამზე და იზმორება,
  “კარგია  გვიანობამდე ძილი, რომ იცი რომ გარეთ ცივა და შენ თბილად ხარ”
  “მე რატომ გამაღვიძე აბა?”
  “გაგაღვიძე?” კითხვაზე კითხვით მიპასუხა
  “სადისტი ხარ… ნინა, ეს პეტერია ჩემი საქმრო” ხელი გადავხვიე და ოდნავ ვუჩმიტე ჩემი ტყუილი რომ მეცნობებინა “პეტერ ეს კიდევ ნინაა, ჩვენს ქუჩაზე ხილს ყიდის ხოლმე”
  “აჰ, ეს თქვენ ამარაგებთ ჩემს გველეშაპს  ხილით?” გრაციოზულად წამოდგა და ხელის მტევანზე აკოცა
  ნინამ მორიდებულად გაიცინა “დროა წავიდე. მადლობა საუზმისთვის”
  თავისი ნივთები ისე აიკრიფა, როგორ მორიდებით და კურატულადაც დააწყო,  გამბერა მადლობებით და როგორც იყო წავიდა.
 -საქმროო? - ყავის ჭიქით ხელში დგას პეტერი კიბის თავში
 -სხვა ვერაფერი მოვიფიქრე
 -ვაფშე რატო ამოიყვანე?
 -არ ვიცი იქნებ შენ მითხრა, ტრაბახობ რომ ჩემს ტვინს ჩემზე უკეთ იცნობ
 -ვერ ხარ შენ მთლად ნორმალური...
 სანაცვლოდ ვუღიმი, შემპარავად.
 -დღეს სახლში უნდა გავიდე, თორემ გამიგიჟდება ბებერი, შენც ხო არ წამოხვალ?
 -არა, არ მცალია- გული დამწყდა, ამ ღამის მარტო გატარება მომიწევს
 -კარგი, გავემზადოთ, მე გაგიყვან რედაქციაში

No comments:

Post a Comment