Friday, August 9, 2013

ფიქრი მეთერთმეტე


  არ დაურეკია არც შემდეგ დღეს, არც მეორე, მესამე და მეოთხე დღეს, ამ დროს ბუშემ თავისთან, ოჯახურ წვეულებაზე მიმიპატიჟა, ალბათ, როგორც რედაქციის გადაღლილი წევრი. მართლაც ასეა, ერთგვარი სტუპორი მაქვს, გამოვიფიტე და მგონია ვეღარასოდეს მივუბრუნდები სტატიებს, ზოგჯერ, როცა ტუალეტში ვზივარ, ან შხაპს ვიღებ რამე რეცენზიაზე ვფიქრობ, მაგრამ მერე იქიდან გამოსული ყველაფრის ფურცელზე გადატანას რომ მოვინდომებ, ვხვდები, არაფრის დაწერა არ შემიძლია.
  არ ვაპირებ არსად წასვლას.
„არაფერი მესაქმება, ალბათ სულ უცხო ხალხი იქნება“
„და მაინც, უნდა წახვიდე“ მეუბნება ლუისიანა, ოდნავ ნაწყენია იმით რომ არ დაპატიჟეს, ფეხი ფეხზე აქვს გადადებული და ნერვიულად ათამაშებს.
„ამას ჩავიცვამ!“ საკიდით გამომაქვს პატარა, შავი ქაშმირის კაბა
„დღემდე ვერ გამიგია რატომ გაცვია სულ მუქი ფერის ტანსაცმელი“
„რას ეძახი მუქ ფერებს? კარნავალზე არ მივდივარ  ლუსი, და საერთოდ, არ მომწონს სამხრეთ ამერიკული ჟინჟილა ფერები“
   ბუშეს სახლის ზღურბლთან ვდგავარ შავი, მოკლე კაბით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, მაისის ბოლო, ჩახუთული საღამოა.
   როგორც ველოდი ნაცნობი (თუმცა ჩემთვის, პიროვნულად სრულიად უცნობი) მაღალი წრის ადამიანები დამხვდნენ. ოჯახის ახლობლები, მეგობრები, „ძალით ახლობლები“ (სოც. მდგომარეობის გამო).
   იმ საღამოს უსაშველოდ გაბღენძილმა რედაქტორმა, წარმადგინა, როგორც გაზეთის გმირი „ზოგ-ზოგიერთების“ ძირს დამცემი. ზედმეტი პირფერობისგან მოვიღრუბლე, ერთი-ორი გამომელაპარაკა პროფესიაზე და ეგ იყო, ღვინის ბოთლი და ბოკალი დავიმარტოხელე, ვერანდაზე გავედი და  კუთხეში, ხის გაურანდავ მაგიდასთან ჩამოვჯექი. ეზოში როგორც ჩანდა უფრო მხიარულ საზოგადოებას მოეყარა თავი, თელების ძირში მარმარილოს მაგიდასთან რამოდენიმე ადამიანი ჩამომჯდარიყო ღვინის ჭიქებით ხელში და გულიანად ხარხარებდნენ... ზუსტად მათ გამოეყო თეთრპერანგიანი და ყავისფერშარვლიანი მამაკაცი და მე მომიახლოვდა.
„გამარჯობა მარია“ თქვა მკვეთრი ინგლისური აქცენტით, ჩემს წინ ჩამოჯდა  და ფეხი ფეხზე გადაიდო
  ერთბაშად ვერ ვიცანი ვინ იყო, თმები ახალი  შეჭრილი ქონდა, სახე გაპარსული და ეს ღიმილის დროს მის სახის ნაკვთებს უსვამდა ხაზს, ნუშის ფორმის თვალებთან ნაოჭების კვალი ეტყობოდა.
   „პეტერ?!“ გაოცებით ვთქვი
  „დიახ მადამ!“ ოდნავ თავის დაკვრით, დინჯად მითხრა
  გამიკვირდა როცა მივხვდი რომ საპასუხოდ ვუღიმოდით, ერთბაშად მოვსხიპე მერე ეს ღიმილი და შეუვალი სახე დავიჭირე უცებ გავვუცხოვდი იმის მიუხედავად რომ მის ღიმილს ღიმილითვე გამოვეპასუხე წუთის წინ
„აქ არ გელოდებოდი“
„ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით, ბუშეთა ოჯახის ფსიქოთერაპევტი ჰერ პეტერ მაიერი“ ისევ დამიხარა თავი, ოღონდ უფრო სხარტად
„ეი, პეტ, დაგვიბრუნდი, სასწრაფოდ!“ დაიყვირა ვიღაცამ თელების ძირიდან
  ჩანდა ჩემი  დატოვება არ უნდოდა. დაჟინებით, მუდარით და ამავე დროს ხისტად შემომხედა, თითქოს მავალდებულებდა ადგილზე დავრჩენილიყავი მის მოსვლამდე.
  უთქმელად ადგა და გრაციოზული მოძრაობით ჩავიდა ვერანდიდან და სანამ ბილიკს დაუყვებოდა კიდევ ერთხელ ღიმილით შემომხედა და მივხვდი - ჯონ კიუსაკი! თურმე მას მაგონებდა.
    15 წლის რომ ვიყავი, მამაჩემმა ვიდეოგაქირავებიდან ფილმი მომიტანა და მითხრა: „დროა უყურო!“  16 სანთელი ერქვა, 70-იანების ბოლოს  იყო გადაღებული და ჯონ კიუსაკი მონაწილეობდა, იქ ისეთი პატარა იყო, ბუთხუზა და შემიპყრო, რამოდენიმე წელი , უნივერისტეტის შუა პერიოდამდე, აქტიურად ვაგროვებდი მის პოსტერებს, სტატიებს სურათებს, დიდი ნერვებისწყვეტით ველოდებოდი მის ყოველ ფილმს, მაგრამ  მერე როცა მეგობრებზე და სწავლაზე გადავერთე გადამიარა, მიმაჩნდა რომ „ტეხავდა“ ვიღაცის ასე გაფეტშება, თუმცა მალე მივხვდი რომ რაღაცა თუ გინდა და მოგწონს ის მხოლოდ შენთვისაა და შენია და დარცხვენა-სხვებთან ტეხავს-ო არაფერ შუაშია, ამ პერიოდში გამოვიდა “high fidelity”  და სხვანაირად, დიდურად  შემიყვარდა ჯონი, მერე “Serendipity” -მ რომანტიზმის ზღვაში გადამაგდო და ასე მოვედი „მაქსამდე“... რამოდენიმე თვის წინ ვყავით მე და რაფაელი მის საყურებლად კინოთეატრში წასული და მერე ერთი კვირა ისევ მის ემოციებში ვიყავი, ყოველთვის, მისი ფილმების ყურების შემდეგ უფრო სიახლოვეს ვგრძნობ, თითქოს ახალ რაღაცას ვიგებ მასზე, მერე მისი უხილავი თვალი უკან დამყვება და მოსვენებას არ მაძლევს, სულელურად ჟღერს ხო?! ამხელა ქალი ვარ და ბავშვურ სისულელეებზე ვლაპარაკობ, მაგრამ მართლა მგონია რომ ის ნამდვილი მამაკაცის განსახიერებაა.
   ამასობაში ერთი ბოთლი ღვინო შემომეცალა, ძალიან მალე ვთვრები და შესაბამისად ახლაც გვარიანად შემთვრალი ვარ, ჯერ თავდაჭერილად ვიქცევი, ჩემთვის, წყნარად ვარ, მაგრამ, მალე უფრო მომეკიდება და ჩემს თავზე კონტროლსაც დავკარგავ, დროა მოვუსვა აქედან!
   ბუშეს სიტყვაძუნწად ვემშვიდობები, ნეტა იცოდეს რამხელა ძალისხმევად მიჯდება თითოეული სიტყვის მოზომილად თქმა.
   ტროტუარზე ისე აღმოვჩნდი ვერც გავიგე, მივბანცალებ და ვცდილობ როგორმე ტაქსი დავიჭირო.
„მარია, მარია, მომიცადეთ!“ -უკნიდან მესმის ხმა და გულამოვარდნილი პეტერი ჩემს წინ ჩერდება, თან ქოშინებს
„ჰერ პეტერ, თქვენ საუბარს უკვე მორჩით თელების ძირში?“ ირონიულად ვეკითხები
„ასე მალე რატომ წამოხვედით?“ ხელს მაშველებს ქუსლებიდან რომ არ ჩამოვვარდე „მეც საკმაოდ მთვარლი ვარ“
„ იქ ყველა თავისთვის უბერავდა“-ჰაერში უაზროდ ვიქნევ ხელებს და ვკისკისებ
  სადაცაა აზრსაც დავკარგავ, მართლა მაგარი მთვრალი ვარ, ფიქრის თავიც აღარ მაქვს
„თუ შეიძლება ტაქსი დამიჭირეთ სახლში უნდა წავიდე, მაგრად გავილეშე“- უაზროდ ვიცინი
„მეც წამოგყევბით“

No comments:

Post a Comment