Friday, August 9, 2013

ფიქრი ოცდამეთერთმეტე


   ერთ  კვირაში მოვიყვანე დღემდე ჩემი “დღიური “ რომელსაც გუშინ სახელიც მოვუფიქრე-“ფიქრები დამწყები ადამიანის ცხოვრებიდან”, სხვაგვარად არც შეიძლება მერქვას, ქვეყანამ, რომელიც სრულიად უცხო იყო ჩემთვის, ცხოვრება მასწავლა, ნელნელა გამაცნო თავისი საიდუმლოებები, თუმცა მგონი აღარ მცალდება ნამდვილ ადამიანად ცხოვრება, ტკივილები გამიხშირდა, ექიმებიც უფრო აძლიერებენ ჩემს წამლებს.
   გუშინ ლუსიანამ სახლი დამილაგა. თვალში მაკლია დაკუჭული ფურცლებით სავსე კალათი, ჭურჭელი ნიჟარაში და არეული საწოლი, რაც მთავარია პეტერი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში არც ერთხელ არ გამოჩენილა.
   აბაზანიდან ახალი გამოსული ვარ, შიშველი ვდგავარ სარკის წინ და საკუთარ სხეულს, როგორც სამუზეუმო ექსპონანტს ისე ვათვალიერებ, ოთახში ოდნავ მკბენარი სიცივეა, ტუჩები გალურჯებული მაქვს, თვალები ჩაყვითლებული, კათეტერის კვალი ისევ მემჩნევა მარჯვენა მხარსა და მკერდს შორის. შესამჩნევად დავსუსტებულვარ, მემჩნევა მხრის წვეტიანი ძვლები, ნეკნები და თეძოები, კანი ავადმყოფურად თეთრია, ალაგ-ალაგ ყვითელი და ლუჯ-მწვანე.
   ფილტვებში ცივი ჰაერი ჩადის, მეწყება გახშირებული სუნთქვა, უფრო ღრმა, უფრო ხმამაღალი, მეწყება თავის ტკივილი, სიცივე უფრო აუტანელია და მოულოდნელად მაცემინებს.
   ფეხებზე გადაფარებულ თეთრ პირსახოცხზე ერთმანეთის მიყოლებით ეცემა წითელი წვეტები ჯერ ნელა, მერე სწრაფად, გაბმულად. ასე ჯერ არ დამმართნია, მაგრამ ველოდი. ახლა უნდა ვიჯდე და ველოდო როდის  გაიჟღინთება პირსახოცი წითელი, ბლანტი სითხით, მერე ვიგრძნობ სისუსტეს და გონებას დავკარგავ, ალბათ სამუდამოდაც…
  მაგრამ, მე ჯერ არ მითქვამს პეტერისათვის  ყველაფერი, არ გამომიხატავს მადლობა ლუსიანასთვის, იოსისთვის, რაფაელისთვის, არ მიმიწერია ფურცლის ბოლოში, რომ ყველაფერი პეტერს, ჩემს ერთადერთ სიყვარულს ეძღვნება… არა, ამ ყველაფრის გაკეთება ჯერ არ მომისწრია.
  აბაზანაში შევრბივარ, ახალ პირსახოცს ცხვირზე ვიდებ და ხალატს ვიცმევ. ზარი სასწრაფოში, თვალთ მიბნელდება და ვხვდები  რომ ახლა გონებას დავკარგავ.
   ---------------------------------------------

  დაღამებულა, ფანჯრიდან უმთვარო, ვარსკვლავებიანი  ცა ჩანს, ყურთან მონოტონურად წიკწიკებს კარდიოგრამის აპარატი, საწოლზე უღონოდ დაყრილ ხელებში გადასხმის ნევსები მაქვს გაჩხერილი, საწოლის გვერდით კომოდზე დადებული ჩემი მობილური გაბმით რეკავს, მაგრამ არ მაქვს ძალა მას მივწვდე.
  ოთახში ჩემი ექიმი და ლუსიანა შემოდიან, ლუსი მაშინვე ტელეფონს პასუხობს.
“გისმენთ”
“არა, ლუსიანა ვარ პეტერ”
“საავადმყოფოში ვართ, მარია ცუდად გახდა”
“ხო ზუსტად მანდ, გონზე უკვე მოვიდა, გააჩნია როგრ იქნება, ბევრი სისხლი დაუკარგავს”
 ტელეფონს კომოდზე აბრუნებს
“ასე… პეტერი ნახევარ საათში მოვა”
 მინდა ვიკითხო პეტერი ვინაა, მაგრამ ენას ვერ ვიმორჩილებ
 “ახლა როგორ ხარ?” მეკითხება ექიმი
  პასუხს ისევ ვერ ვიძლევი
 “ჩანს ძალიან დასუსტებულა, რამოდენიმე ასეული გრამი სისხლის გადასხმა დაგვჭირდება, მარია თუ ჩვენი გესმის ხელზე მოუჭურე შენს მეგობარს ერთხელ”
  ლუსიანას თბილ ხელს ერთხელ, მთელი ძალების დაძაბვით ვუჭერ.
  მესმის როგორ არა, ყველაფერი მესმის, მაგრამ რატომ გადავღრჩი ამას ვერ ვხვდები, ან ლუსიანამ საიდან მომაგნო, მე ხომ ასე ძალიან მინდოდა აღარავინ გამერია ჩემს საქმეში.
  “თუ სისხლდენამდე თავის ტკივილები გქონდა ერთხელ მოუჭირე ხელი, თუ არა ორჯერ”
 ხელს ისევ ერთხელ ვუჭერ
  “ახლა ისევ გტკივა?”
  ორჯერ ვუჭერ.
   არ მტკივა, გაბრუებული ვარ, მხოლოდ ათასი პატარა ჩაქუჩი რითმულად ურტყავს თავის ქალის კედლებს, დაუღალავად და მოსვენების საშუალებას არ მაძლევს.
  “ჯობია დაისვენოს” კარისკენ მიდის ექიმი
  “მე ცოტა ხანს დავრჩები, ვერ დავტოვებ ასე, ცრემლები ცვივა ლუსის.
  პირველად ვხედავ როგორი ტირილი ცოდნია, შავი, ლამაზი თვალები ცრემლით დაენამა, მერე ერთმანეთის მიყოლებით ჩამოუვარდა შავგვრემან ლოყაზე, ხელი სწრაფად მოისვა, მოიშორა ცხელი ნაკვალევი და სასთუმალთან ჩამომიჯდა.
  “მეგონა დაგკარგე, მეგონა ეს იყო დასასრული, ასე ნუ მომექცევი გთხოვ. გავთხოვდები, შენი გულისთვის  ჩემს პრინციპებს გადავახტები, ოღონდ არ წახვიდე, იმ წუთასვე გავთხოვდები როცა შეგეძლება თქვა  რომ თანახმა ხარ, მეც მაშინვე ვეტყვი იოსს  თანხმობას, როგორც კი გამიღიმებ, შენ ხომ ასე გინდა ჩემი თეთრ კაბაში ნახვა.”

   მინდა, როგორ არა, ოღონდ არ მინდა რომ ტიროდე, შენი გულისთვის არ მივცემ ახლა ჩემს თავს სიკვდილის უფლებას, ვიცოცხლებ, ვენებში მბობღავი ცივი სისხლი გათბება და დაგელაპარაკები, გეტყვი, რომ თანახმა ვარ ვიყო შენი მეჯვარე, მაგრამ ახლა მეძინება, უნდა დავიძინო, რომ გაღვიძებულმა ამის თქმა შევძლო.
 დროებით ლუსიანა!

No comments:

Post a Comment