Friday, August 9, 2013

ფიქრი ოცდამეათე


  სტუმრად ლუსიანა მყავს, დეკემბრის ცივი საღამოა, ყავას ვსვამთ და რედაქციის ჭორებზე ვლაპარაკობთ.
  “ბუშემ დამფუძნებლებთან ერთად გადაწყვიტა ხელფასი სიკ… ბოლომდე გადაგიხადონ“
  “სად ბოლომდე? სიკვდილამდე?“
  “ხო არ მინდოდა მასე მეთქვა”
  “სიკვდილი, სიკვდილი, სიკვდილი, ვეღარანაირ გრძნობას ვეღარ მიღვიძებს ეს სიტყვა”
  “ რა გჭირს?”
  “ გუშინ პეტერმა მიმატოვა”
  “რატო?”
  “მითხრა რომ ეგოისტი ვარ და სხვისი მხიარულება მწყინს”
   არაფერი მიპასუხა, სახე ამარიდა და ყავის ფინჯანს ჩააშტერდა.
 “შენც მასე ფიქრობ ხომ?.. მითხარი! რაღაც გამომრჩა ალბათ, რაღაც გამეპარა და ეგ გახდა სათავე ყველაფრისა.
  “საქმე იცი რაშია? მესმის რომ დასასრულის მოლოდინი რთულია, ყოველ წუთს გახსენებს თავს, ჩევნც ვერ ვუძლებთ ამას, ჩვენც გვტკივა გული და ვცდილობთ როგორმე გადაგატანინოთ, შენ კი რას აკეთებ? ხელს გვიკრავ ყველაფერზე და უფრო გვთრგუნავ, თუმცა პეტერის მიკვირს, ყველაზე მომთმენი ის მეგონა.
  “ახლა რაღა უნდა ვქნა? მარტო, თან უსაქმოდ დავრჩი, პეტერი აღარ მოვა, არ ვიცი როდის შემირიგდება, ხო იცი როგორი ამაყია.”
  “აკეთე ის, რისი კეთებაც ყველაზე კარგად გამოგდის, ახლა ხომ ჩარჩოების გარეშე ხარ, მე ეხლა უნდა წავიდე, რვაზე იოსი მოვა”
    სახლი ისევ ცარიელდება, ჩემი ფეხის ხმა გამაძლიერებლებში მესმის, ვითვლი ნაბიჯებს მაგიდიდან ნიჟარამდე, ნიჟარიდან მაგიდამდე და მგონია რომ დრო გადის, მერე ფანჯარასთან მივდივარ, გარეთ წვრილად წვიმს, ნოემბრის ბოლოა… ახლა ლოგიკურია ითოვოს…
   ლოგიკურია?ვიცი პეტერი ახლა რას იტყოდა… ტირილამდე მინდება მასთან ლაპარაკი…
  ხოდა დაველაპარაკები კიდეც!
  არეულ საწერ მაგიდაზე დასტა-დასტად აწყვია წაუკითხავი Daily Budapest-ის ნომრები, ბლოკნოტები, გაკრული ხელით ჩაწერილი ინტერვიუებით სავსე, წებოვანი სანიშნების კონა, კალმები, დაკუჭული ფურცლები. ბალაგანია მაგიდაზე. უჯრაში ჩაწყობილი  საბეჭდი ფურცლების დასტიდან ერთ ცალს ვაძრობ, მაგიდას ხელის გადასმით ვასუფთავებ და წერას ვიწყებ:
  “პეტერს!
  ვიწყებ გაუგზავნელი წერილის წერას.
  დღეს, სანამ ამის წერას დავიწყებდი, ფანჯრიდან ვიყურებოდი. გარეთ წვიმა და ქარია, ვიდექი ისე, რომ არავის მოსვლას ველოდებოდი, არ მაინტერესებდა მაგიდაზე პურის ნამცეცები ეყარა თუ არა, ვუყურებდი წვიმას და ვიფიქრე ლოგიკური იქნება თუ დღეს ითოვებს მეთქი, მაშინ მომინდა შენთან ყველაზე მეტად ლაპარაკი.
 “რაა ლოგიკური?!” იტყვი შენ და ღიმილს მოგგვრის ასეთი ლოგიკა, იმიტომ რომ შენი სამყაროა ალოგიკური, შენ ამ სამყაროს ამრეზით უყურებ, ალბათ უკვე მეც…
   როგორ მინდოდა რომ ამ ნერვებს ნებაზე არ მივეშვი, რომ სუსტი ბაბუაწვერასავით მხოლოდ სულის შებერვა არ მყოფნოდა გასაფრენად, რომ ამ ზამთარში მარტო არ დავრჩენილიყავი , ზამთარში, სულ მალე ჩემგან აღარაფერს რომ დაგიტოვებს…
   მინდა რადიო ჩავრთო, შენს საყვარელ ტალღაზე, რომ უფრო ვიგრძნო შენთან სიახლოვე, მაგრამ მერე უფრო ამატირებს კლასიკური მუსიკის სუსტი ჟღარუნი, შენს გვერდით ყოფნა ხომ ასე ამაღელვებელია.
  ვიწამლები უშენობით, შენი სიტყვების სითბოს გარეშე, შენი ნუშის თვალების გარეშე, შენი მომზადებული საუზმის გარეშე, შენი სხეულის სითბოს გარეშე, შენი თითების ნაზი კაკუნის გარეშე ჩემს სულზე. ვიწამლები დაზეპირებული პეიზაჟით ჩემი ფანჯრებიდან, აქედან რომ შენი სახლი ჩანდეს ყველაფერი გაცილებით უკეთესად იქნებოდა, ვიდგებოდი და დროს მაინც გავიყვანდი  ჩემი სახლიდან შენს სახლამდე წარმოსახვითი ნაბიჯების თვლაში, ან იმის წარმოდგენაში  როგორ ზიხარ ბუხართან ტყავის დივანში, დაბალ მაგიდაზე ფეხებშემოწყობილი, სვამ სკოჩს ან რომს და სიამოვნებით აბოლებ დიდი ხნის ნანატრ ოქროსფერ მალბოროს…”
  ქაღალდს ვკუჭავ და ურნისკენ ვისვრი.
  აცდა როგორც ყოველთვის.
  სხვა რამე უნდა მოვიფიქრო, რაც პეტერს დანაშაულის გრძნობას არ გაუღვიძებს…
  დღიურების იდეაზე ვჩერდები, რომელიც ჯერ კიდევ გასულ თვეს მომივიდა აზრად.
  მაგიდაზე ვახვავებ ჯანჯაფილის ორცხობილებს და ყავას, კარადიდან ვიღებ სტუდენტობის დროინდელ საბეჭდ მანანას, რომელიც  თურმე ამისთვის წამომიღია და კაკუნს ვიწყებ.
  დასაწყისი თავისით  მოდის. წერა იწყება ჩემი და უნგრეთის პირველი შეხვედრით, პირველი ინდიფერენტული შთაბეჭდილებებით, ყველაფრით რაც ჩემს ფიქრებში იყო მაშინ.

No comments:

Post a Comment