ზამთარი მოვიდა მთელი თავისი ავლა-დიდებით სითეთრით,
ცისფერი ყინვით, ბურუსით დუნაიზე, გაბრაზებული მეეზოვეებით, თოვლის სახვეტი მანქანებით…
მესამე დღეა ჩემი უქმად ყოფნის, გასულ კვირას განცხადება
დავწერე სამსახურიდან წასვლის თაობაზე, მივხვდი აღარ შემეძლო მუშაობა, გონება ხშირად
მებნევა ბოლო დროს, მავიწყდება ფაქტები, ადამიანებიც, მომენტალურად ვითიშები და მერე როდის როდის მიბრუნდება ცნობიერება, ექიმმა თქვა რომ ასეთი შეტევები უფრო ხანგრძლივი და ხშირი შეიძლება გახდეს, ამის
გამო სახლიდან გასვლაც აღარ მინდა, მგონი უკვე
ძალიან მეშინია.
ჩემს ლოჯიაში ვზივარ, დივანზე, 12 საათია დღის და მე ისევ პიჟამებში ვარ, პეტერი ჩახუთულ მისაღებში, მრგვალ
მაგიდასთან წელსზევით შიშველი ზის და მადიანად
ილუკმება. მე წიგნს ვკითხულობ, ინგლისელი მწერლის რომანი, საიდანაც აზრი მხოლოდ ის
გამოვიტანე რომ სექსუალურად მომწიფებულ
XVII საუკუნელ გოგონას აგიჟებს კაცებთან სიახლოვე და ამისგან თავის დასაღწევად იდეალურ
საშუალებას გათხოვებას ცდილობს.
ბლაჰ! როგორ განვითარდა ადამიანთა ცნობიერება, ახლა ამ სურვილების დასაკმაყოფილებლად
ქორწინება აღარ არის საჭირო, ახლა საჭიროა მხოლოდ თვალის ჩაპაჭუნება და 11 წუთიანი
ამბავი წამში გაიჩარხება...
პეტერი მობილურს პასუხობს
“დიახ, პეტერი ვარ”
“რომელი ბაუერი?”
“აჰ, კარლ, როგორ ხარ? კი გისმენ”
მხიარულდება და ღიმილით ელაპარაკება,
თან ოთახში ბოლთას ცემს.
დავღალე ჩემი ფსიქოლოგი, ვაიძულებ დღე და ღამე ჩემს
დეპრესიულ სახეს უყუროს, უარს ვამბობ გარეთ გასვლასე, უარს ამბობს ისიც, აღარ დადის წვეულებებზე, პიკნიკებზე, მე ჩემი თავი მეზიზღება
ასეთი და პეტერის ატანაც? Эт уж слишком!
მისი
საუბრიდან ის აზრი გამოვიტანე რომ კარლ ბაუერი სადღაც ეპატიჟებოდა, პეტერმა უარების
მერე უთხრა მოვიფიქრებო, ანუ თავიდან მოიშორა.
“ჩემი კლასელია ბაუერი, მხატვარია, საღამოს აქ გამოფენის
გახსნა აქვს... დამპატიჟა”
“მერე?”
“თუ არ წამოხვალ არ წავალ ხო იცი” გვერდით მომიჯდა
“შენ წადი, მე არ მინდა”
“რატომ?”
“არ მინდა”
“მარე, მეზიზღება უკვე შენი აუტანელი ხასიათი, ვცდილობ
როგორმე გამოგიკეთო, შენ კი ყველაფერზე წიხლს მიკრავ, მსოფლიოში მილიონობით შენნაირი
ადამიანი ადაპტირდება საზოგადოებაში, შენ კი მთელი დღეები ზიხარ ასე გამოკეტილი და
ხალხს აიძულებ თავს გვევლებოდნენ... ეგოისტი გახდი საშინელი!” ბოლო სიტყვა დაიყვირა,
რაღაც მოძრაობა გააკეთა რევერანსივით და მისაღებში გავიდა
“მე არ მეკითხები რას ვგრძნობ ყველა რომ ჩემზე უთითებს?
უკვე შეცვლილი ფერის კანი აშკარად მეტყობა, წადი სადაც გინდა მე ხომ არ გაკავებ, არ
გთხოვ დარჩენას.”
“როდის აქეთ გაინტერესებს სხვების აზრი? კათეტერი
რომ ამოიძრე მაშინ რატომ არ კითხე სხვებს აზრი, უარი რომ თქვი ქიმიაზე რატო მაშინ არ
შეკვეკითხე ჩვენს რას ვფიქრობდით? თუ არ გინდოდა
მასე გამხდარიყავი მოთმინებით უნდა აგეტანა
ყოველი პროცედურა და ბავშვივით არ უნდა დანებებოდი წამში... მეორეც იძახი რომ მიშვებ,
მაგრამ ვიცი რომ მერე წუწუნს დაიწყებ არავის
ვანაღვლებო, ზუსტად ვიცი ასე იქნება, მომბეზრდა უკვე, ხალხი უარს მკურნალობაზე იმიტომ
ამბობს, რომ ზედმეტმა ვიზიტებმა საავადმყოფოში ცხოვრება არ გაურთულონ და ეს დრო უფრო
ღირებულად გაატარონ... შენ? საკუთარ თავს შეხედე რას დაემსგავსე, აღრენილ და ცხოვრებაზე
გამწარებულ შინაბერას, რომელიც არც თვითონ
ხარობს და არც სხვას ახარებს. მორჩა! მომბეზრდა, მე საღამოს გამოფენაზე მივდივარ ამის
დედაც!“ გასარეცხი ჭურჭელი ნიჟარაში ჩაყარა და აბაზანის კარები მთელი ძალით მიიჯახუნა.
“თუ თქვენ ძალით გაქვთ ჩემთან ურთიერთობა მაშინ არ
მჭირდებით, საკუთარ თავს თვითონ მივხედავ” გამწარებით ვესროლე წიგნი აბაზანის კარებს
და საძინებელში შევიკეტე.
ჩამომენგრა იერიქონის, ტროას, პომპეის, რომის კედლები,
ცა დაემხო მიწას და ჩაეხუტა, ატირდნენ ღრუბლები, აღრიალდნენ ქარები, ზაფხულის ტყეს
წვიმა, ქარიშხალი და თოვლი ერთიანად მიაწყდა.
მთელი ხმით ვტირივარ ბალიშში თავჩარგული და ნელ-ნელა ვხვდები რომ მე ვარ დამნაშავე და ის მართალია, ამაზე უფრო მეშლება ნერვები, ვცდილობ
შიგნით დაგროვილი ყველა უარყოფითი ენერგია ერთი ღრიალით გარეთ გამოვიტანო, თუმცა არ
მშველის, ვცდი მეორედ... მესამედ...
პეტერი როდის შემოვიდა ვერ გავიგე, ჩაუცვია და წასულა. გარეთ ცივა ვიცი, ისიც
ვიცი როგორ ეზარებოდა, მე რომ ვაიძულე წასვლა მაგასაც ვხვდები.
მარტო ვარ სახლში, რადიატორებში წყალი შიშინებს სადღაც მატარებელი კივის, მე
კი მარტო ვარ. ფანჯრიდან ვიხედები, ქუჩა ცარიელია, კაფეს ფანჯარაში წყვილი ჩანს- ერთმანეთის
ხელები ჩაუბღუჯიათ, ერთად არიან, მე კი მარტო.
ასე მერამდენედ მემართება, მეგონა მვეჩვიე, არადა ისევ ისეთი მტკივნეულია.
აბაზანაში წამლებს ბეძებ, აქ ისევ წყლის ორთქლის შეშუთულობაა და ლოტოსის ტანის
გელის მძაფრი სუნი, ჩემი სიცოცხლის სუნი...
რამოდენიმე ტკივილგამაყუჩებელს უწყლოდ ვყლაპავ, პირში საზიზღარი მწარე გემო
მიდგება, სახე მემანჭება და ისევ ტირილი მივარდება.
მე მარტო ვარ, მარტო დავრჩი!


No comments:
Post a Comment