Friday, August 9, 2013

ფიქრი ოცდამეთოთხმეტე


    გარეთ წვიმს, ზამთრისთვის შეუფერებელი, მსხვილი წვიმაა, ოთახში ჟალუზები აწეული დამხვდა, არ ვიცი რამდენი ხანი მეძინა, საათი, დღე. ბოლო დროს საწოლიდან თავის აწევაც აღარ მინდება, გაუფერულდა ყველაფერი, განაცრისფრდა. ძილში ვნახე სიზმარი, ფერადი სიზმარი… როგორ ვიჯექი კლდის ნაპირას ხის სკამზე და ფეხებს ჰაერში ვაქანავებდი. ზურგსუკანა მინდვრიდან, საღამოს ნიავს  ლილიების და გვირილების სურნელი მოჰქონდა, მე ისევ გრძელი, ქერა თმა მქონდა და ქარის წამოქროლებაზე სახეზე მედებოდა. ვიჯექი, ვუყურებდი მომაკვდავ , ცეცხლისფერ მზეს და ვფიქრობდი: “ხომ შეიძლება დღე 48 საათიანი იყოს,ამ დროში გაზაფხულსაც მოვესწრებოდი, ბევრ ყვავილსაც, ქორწინებასაც, საოჯახო კრედიტს ბანკიდან, სამ შვილს…. მასთან ყოფნას, მასთან ყოფნას, მასთან ყოფნას…” ბოლო ფრაზა მელოდიური იყო, მინორული სიმღერასავით. კლდის ქვემოთ, სილიან ზღვის ნაპირზე ის იჯდა, მზეს მიფიცხებული, თან თვალს ჩემსკენ აპარებდა, მერე ვიღაცა მოვიდა, გვერდით მომიჯდა, მის არსებას ისე ვგრძნობდი როგორც სიცივეს, ვერ ვხედავდი, მაგრამ ვიცი რომ შემემხედა ჩამომჭკნარი სახე და მუქი შავი, ღილივით თვალები ექნებოდა. “იცნობ მას?” შემეკითხა უხმოდ. წამში გამიელვა მილიონობით მოგონებამ, სიცილმა, ტირილმა, კივილმა- ვნებიანმა კივილმა, ოფლის წვეთებმა საფეთქელთან , ზურგს უკან დამალულმა თაიგულმა, ბილიარდის ბურთებმა, შუა ქუჩაში მდგარმა, თმააქოჩრილმა კაცმა, შავმა ინფინიტმა ნაწვიმარ ქუჩაში და მაინც დავიჩურჩულე: “უკვე აღარ”, “ასე ჯობია” მიპასუხა და სიზმართან ერთად გაქრა.
  სამუშაო მაგიდაზე ლარნაკში აწყვია თითქმის დამჭკნარი გვრილები, ფანჯრის გარეთა რაფაზე ხმაურით ეცემა ზამთრის  წვიმის წვეთები, ელოლიავებიან მინებს, ზედ ეკვრიან, თითქოს უნდათ მასში შეაღწიონ , უკარება მინა კი ამსხვრევს მათ და ცრემლად დაღვრილებს ქვემოთ, ალუმინის რაფისკენ ისტუმრებს.
   მითხრა რომ დამევიწყებინა… ეს მერამდენედ ავუკრძალე ჩემს თავს მისი გახსენება… როგორ დავივიწყო, როგორ, როცა მაგიდაზე არეულს ფურცლებს, ყავის ფინჯანს, საწოლს და მთელ ცხოვრებას შენი მძაფრი სურნელი დასდევს, ცაზეც, მიწაზეც და გონებაშიც მხოლოდ შენ ხარ. რატომ მეუბნება მამა რომ აპათია მომეძალა? აპათია არაა ასე ძლიერ რომ მენატრება, ეს მონატრებაა, მელანქოლიაა… მენატრება, მაგრამ არ მინდა ასეთი მნახოს…. ლუსიანამ თქა რომ საავადმყოფოში ყოფილა - არაფერი მახსოვს! ნეტავ რა ეცვა? ისევ დაკუჭული პერანგი და ყავისფერი შარვალი? ოჰ, ისე მინდა ვნახო.
  “ვინმემ უპასუხეთ ოხერ ტელეფონს!” - ისე დაძაბულმა დავიყვირე ბიოფსიისგან დარჩენილი ნაკერი ამექავა…
  ტელეფონი ისევ რეკავს.
  “მატკა!.. სონა! დაყრუვდი?”- ახლა გაანჩხლებული ვარ, ვცდილობ საწოლიდან ავდგე
   “ჰელოუ.”-სლოვაკური ინგლისურით პასუხობს ქალი, მადლობა ღმერთს
   “ში იზ სლიფინგ ნაუ”
  “ლეთ მი ჩეკ”
  “მარე, ძვირფასო გკითხულობენ, ვუთხრა რომ გღვიძავს?”
  “კითხე ვინ არის?”
  “თქვა რომ პეტერია, დღეს მესამედ რეკავს”
     ყოველთვის ასე იცის, როცა ყველაზე მეტად ამეკვიატება ხოლმე მაშნ უნდა გამოჩნდეს, თვითონაც თავი აიტკიოს და მეც ამაფორიაქოს, მიჩვეულს გადამაჩვიოს…
   “რა ვუთხრა?”
    “უთხარი, რომ მძნავს, ან რომ მოვკდი, ავორთქლდი”
    “ში იზ სლიფინგ სერ”
    “ქვაით ბედ, ლაის ონ ზე ბედ ენდ  სლიფს ოლ ზე თაიმ”
    “ოქეი, აი ვილ, გუდ ბაი სერ”
   დედაჩემი, როგორც ყოველთვის დაუკითხავად გასცემს ინფორმაციას, ყოველთვის ასე იყო, ბავშვობიდან
     “რატომ არ მეკითხები რა თქვა და რა არა?”
     “ოჰ, მორჩი ერთი მარია, თქვა, რომ სამსახურის მერე გესტუმრება, ბულიონს მოგიტან”
    “არ მინდა, მხოლოდ ყავა”
    “არავინ გეკითხება, გინდა თუ არა”
  ო, ამას დამიხედეთ, როდის აქეთაა ასეი რადიკალური? ყოველთვის იმას ვჭამდი რაც მინდოდა და როცა მინდოდა, არასოდეს ვნებდებოდი მის ფაფებს და რძეს, ალბათ იმიტომ, რომ მამაც მხარს მიჭერდა, ულვაშებში რომ ჩამიცინებდა, იმხელა ენთუზიაზმს მაძლევდა მზად ვიყავი მთები გადამედგა…
   მეზობელი ოთახიდან ბახის “ბადინეირე” და სონას ღიღინი ერთდროულად გაისმა, მერე კარზე დააკაკუნეს.
   იქნებ პეტერია?... აქ რომ ამოვიდეს ალბათ გავგიჟდები… სიხარულისგან? სიხარულისგანაც… მინდა ჩემთან იყოს-  ეს ჩემთვისაა კარგი, თან არ მინდა აქ იყოს - ეს მისთვისაა კარგი, ოდესმე ხომ უნდა გადამეჩვიოს და ეს პროცესი რაც მალე დაიწყება მით უკეთესია…
  “თქვენ ალბათ მარიას დედა…  როგორ ბრძანდებით ქალბატონო კანე?” ჰოლიდან გაისმა ბუხუნა ხმა
  “გმადლობთ, თქვენ?”
  “კარგად, მადლობთ. ჩვენ მარიას მეგობრები ვართ, მე იოსი. ეს კი ჩემი საცოლე ლუსიანაა, ღვიძავს მარეს?”
  “არ ვიცი, ერთმა კაცმა დაურეკა და მისთვის ეძინა”
  “ჩვენ პეტერი არ ვართ”-ლაღად თქვა ლუსიანამ
  “თავის ოთახშია” - უბრძოლველად დამთმო დედაჩემმა
  კიბეების ყრუ ხმას აყვა ჩემი გული, აწრიალდა და აფეთქდა.  რამოდენიმე დღეა ისინი არ მინახავს . მომაკლდნენ, თან სიტყვამ რომლითაც იოსმა ლუ მოიხსენია გამათბო, ლუსიმ  ეს ხეპრე მოარჯულა,ის ჩემი გმირია.
  “ჩემო მარია, გამარჯობა!” ხელებგაშლილი შემოვარდა იოსი და კარი მთლიანად გადაფარა, მერე მოვიდა და გვერდით მომიწვა.
  “იოს ცოტა წყნარად , შენი თავი არ აქვს გოგოს“-ლუსიანა ფეხებთან ჩამოჯდა “ აბა, როგორ ხარ?”
  “შეეშვი, იცანცაროს… მე რაღაც ვერ ვარ, ახლახანს გამეღვიძა, ადგომა არ მინდა”
  “ვერ დგები თუ არ დგები?”
  “მაინცდამაინც სუსტად არ ვარ,  შემიძლია მაგრამ არ მინდა, თან რომ ავდგე რა ვაკეთო?”
  “რამე რომ იყოს ქლევერში არ წამოხვალ?” - შემაპარა იოსმა, თან ლოყაზე მომეფერა
  “გადაირიეთ? ეხლა მე პაბში წამოსასვლელად მცხელა?”
  “აა, გცივა? არა უშავს ჩემს ქურთუკსაც გათხოვებ”
  “მორჩი იოს,  წამო რა, კარგ საქმეზე მივდივართ, ქორწილის თარიღი დავნიშნოთ, სია შევადგინოთ, მოსაწვევების დიზაინი ავირჩიოთ”
  “მაგ ყველაფერს სახლშიც ვიზავთ”
  “იოსის მეჯვარეს აქ ვერ მოვიყვანთ, აუცილებელია წამოხვიდე”
  “მარია, შენ თუ არ წამოხვალ იცოდე ძვირად დაგიჯენ, ისე რომ ფეხს არ მოვიცვლი აქედან” - გაბრაზებულმა თქვა იოსმა და საბანი წაიფარა
 “ღმერთო ჩემო , შენს აქ ყოფნას ვერ გავუძლებ, განსაკუთრებით წვერში ჩამჯდარ სიგარეტის სუნს”
  “დაგიყოლიეთ?” - ჩაიღიმა ლუსიანამ - “ ადე, ჩაცმაში მოგეხმარო, თან რედაცქიის ამბებს მოგიყვები”
  “ოჰო, ბავშვური ჭორები, წავალ მე კანეთა ოჯახის დედა-დედოფალს გავიცნობ... დეიდა სონა, ახლა მივხვდი ვის ვგავს ჩვენი მარია ასეთი ლამაზი, ეს თქვენ ხართ არაჩვეულებრივი” ოთახიდან არ იყო გასული ისე დაუწყო ლაპარაკი დედაჩემს
  “ღმერთო რა მასხარაა!” ჩაილაპარაკა ლუსიანამ და ადგომაში მიშველა.
  თითქმის ორი დღეა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში არ ვყოფილვარ, თვალები წამით დამებინდა და თაბრუ დამეხვა, უცნაურად ვგრძნობ თავს რაღაც ერთიანობაა სიცარიელის და უსუსურობის. ლუ ჩემს წინ დგას და პიჟამის გახდაში მეხმარება.
  “ოჰ, მარია, კანი სულ გალურჯებული გაქვს, თითქოს ვიღაცამ მაგრად დაგჩმიტა, გახსოვს რომ მშურდა შენი თეთრი კანის?”
  “ხო, შენი ბრალია...”
  “თან მაგრად დასუსტებულხარ, როგორც ძვალზე გადაკრული კანი... წითელი კაბა ჩაიცვი დღეს რა”
  “შენი ნაჩუქარი? ზედმეტად ღიაა, არ მინდა ხალხმა ყურება დამიწყოს, კარადაში ნაცრისფერი ბლუზა იდება და ჯინსი”
    სარკეში რომ ვუყურებ ჩემს თავს განსხვავებულ ადამიანს ვხედავ, თევზისთვალებას და საშიში შესახედაობისას, არასოდეს მეგონა საკუთარ თავს ასეთს თუ ვნახავდი ამაღელვებელია, როგორც ჩანს ყველაფერი შესაძლებელია... ჩემი თმები? წინა კვირას გონებრივი აშლილობის ზღვარზე მყოფმა  შევიჭერი, ახლა  ისე მაქვს როგორც ტიპიურ ამერიკულ ტრილერებში, როგორც ლოლას ფილმიდან გაიქეცი ლოლა, გაიქეცი. ლუსიანა გვერდზე მიდგება, ვუყურებთ საკუთარ თავებს სარკეში უხმოდ, მერე ასევე უხმოდ მაცილებს სარკეს და საწოლზე მსვამს, ხელში მაკიაჟის ჩანთა აქვს ჩაბღუჯული, როცა მჭირდება ვერასოდეს ვპოულობ.
  “არ მინდა რა..”
  “გინდა, გინდა,  ნახე შენს თავს ვეღარ იცნობ”
 ის ნაზად მისვამს კონტურულ ფანქარს ტუჩებზე შემდეგ მუქ წითელ ტუჩის საცხს, რომელიც როდის ვიყიდე არ მახსოვს, სქლად დადებულ ტონალურ კრემზე ვარდისფერ ტონს მადებს ყვრიმალებზე, შემდეგ თვალის ფანქარს, შავ ჩრდილებს, ტუშს მისვამს და მეუბნება “შემომხედე!.. ცოტა შევასწოროთ...”
  ვუყურებ მას, და ვცდილობ წარმოვიდგინო რომ ლუსიანა ვარ, ხშირად ვაკეთებ ასე, ასე უფრო მიადვილდება სარკეში ჩახედვა, როცა ის ისევ მაყენებს სარკის წინ, ვბზინავ... ხო ახლა რაღაც მაქვს მისი - მაკიაჟი.

  პაბში ცოტათი აუტანელი ხმაურია, დღეს კარაოკეს დღეა, ამიტომაც ისმის გემოვნებიანი ბრიტანული მუსიკის უგემოვნო შესრულება. აქ ყველაფერი ნაცნობია და ცოტათი საყვარელიც, თუნდაც მუდმივი კლიენტები, ბილიარდის ბურთების ხმა, ან ბარმენის ყურისწამღები ხმა.
   “იოს, შენს მეჯვარეს ვიცნობ?” უკანასკნელ ცარიელ მაგიდას ვუსხდებით გარშემო
   “იცნობ, მაგრამ, იმედია არ გაბრაზდები”
   “არ მითხრა რომ პეტერია...”
   “ხო”
   “ღმერთო ჩემო, ადრე რატო არ მითხარით?”
   “ნახე ბართან ზის...” ხელი დაუქნია ლუმ
  ისევ ის შარვალი აცვია, ყავისფერი, ცისფერი პერანგი და პულოვერი, ხელში სასმელის ჭიქა ჩაუბღუჯია და გვერდულად იყურება ჩვენსკენ.
   “მე მოვიყვან” თავდაჯერებული ვამბობ და მოდუნებული მივდივარ მისკენ, როგორც ეშაფოტისკენ
   “გამარჯობა, შეილება დავჯდე”- წამით გაჩუმებულ ბარში ვამბობ და მისი უსიტყო თანხმობის მერე  გვერდით ვუჯდები
   “როგორ ხარ?”- ვეკითხები და ის ყურადღებას არ მაქცევს ჩემსკენაც კი არ იხედება
   “კარგად” - გაბრაზებულია
   “რა გჭირს? რაღაც ხასიათზე ვერ ხარ”
   “სამაგიეროდ შენ გეტყობა გამხიარულება”
   “პირდაპირ მითხარი რა გაბრაზებს, ჩემი გარეთ გამოსვლა?”
   “მითხარი სწორი საქციელია რასაც მიკეთებ? მიძახი როცა გჭირდები და მაგდებ როცა გბეზრდები, მე ადამიანი ვარ თუ თოჯინა, ასეთი გაურკვევლობა არ მაწყობს, შენსავთ ცვალებადი არ ვარ, მესმის შენი ჩავარდნები რომ ამინცდამაინც მე გივარდები წარსულიდან, მაგრამ შემდეგ? მარტო დღეს რამდენჯერ დაგირეკე თუ იცი?”
    “მართალი ხარ, ვერ გაიგებ რა მჭირს, ხან არ მინდა რომ დაგღალო ჩემთან ყოფნით, ამავე დროს მინდა უშენოდ წამიც არ გადიოდეს, მინდა რომ ღამით კოშმარი რომ გამაღვიძებს ისევ შენს მკერდზე ვდებდე თავს და ბავშვივით ვტიროდე, მინდა რომ ისევ მავიწყდებოდეს ჩემი ავადმყოფობა, ამას ხომ ვერასოდეს ვგრზნობ როცა შენთან ვარ, ამდენი მინდას მიუხედავად ვცდილობ ისე მივაწყო რომ შემომხედო ისე თითქოს შენთვის არავინ ვიყო, თითქოს არასდროს არაფერს ვნიშნავდი შენთვის, თითქოს არც არასდროს ვყოფილვარ შენს ცხოვრებაში, არ მინდა რომ ჩემთან ყოფილიყავი, როდესაც  მჭირდებოდა ვინმეს ეთქვა რომ მე სულაც არ ვარ ისეთი საშინელი როგორც მგონია, რომ ყველაფრის მიუხედავად მაინც არ ვარ ბიოლოგიური ტერორისტი, რომელიც ეგოისტივით მთელ სამყაროს საკუთარი თავის გარშემო ალაგებს…
   “რა დაგისხათ?” - დახლის წმენდაში გართული მეკითხება ბარმენი
   “იგივე რაც მას”
   “ატმის წვენი დაუსხით...” საუბარში ეჩრება პეტერი “ხო სასმელი ნამდვილად გიშველის”
   “პეტ, შევიცვლები თუ ეს შენ გინდა, სპორტული ფეხსაცმელი ვიყიდოთ და ვირბინოთ,  იოგაზე ვიაროთ, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ, გადასახადები გადავიხადოთ, კბილები ვიხეხოთ, ხანძარი აღარ გავაჩინოთ, თევზები ვიყიდოთ, ნორმალური ადამიანებივით ვიცხოვროთ, მხოლოდ შენი გულისთვის უარს ვიტყვი ყოველგვარ ეგოიზმზე, მელანქოლიაზე, შიშზე, პესიმიზმზე, ოღონდ ეხლა შენ შემირიგდი”
  “რისთვის ცდილობ მომაკლო შენთან ერთად გატარებული წამები? მერე ხომ ამის მეტი არაფერი დამჩება, ვფიქრობ, ვიხსენებ და ვხვდები ამ ხნის განმავლობაში შენთვის ევრაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი…”
  “რას ამბობ, შენ მე ბედნიერება მომიტანე”
  ულაპარაკოდ მკოცნის შუბლზე, შუბლზე, შუბლზე…
 “ლუსიანამ მითხრა რომ საავადმყოფოში რომ მოხვედი, შენზე ვთქვი კიდევ თუ მინახულებს ვეტყვი რომ უკვე მიყვარს მეთქი”
 “სულელო…” ჩემს თავს გულში იხუტებს “ მშობლები გყავს სტუმრად?”
 “აჰამ, განუსაზღვრელი დროით”
 “ესე იგი ამაღამ ჩემთან ვრჩებით და ხვალ ანალიზებზეც მოგყვები”
  ალბათ ესაა სიყვარული, ყველაფრის მიუხედავად მაინც ერთად რომ ვართ, მაინც რომ არ გვყოფნის ერთმანეთი და ჩვენს გარდა ყველაფერი რომ მირაჟია...

No comments:

Post a Comment