Friday, August 9, 2013

ფიქრი ოცდამეცამეტე


   სადაცაა იანვარი შუაში გადატყდება. არ თოვს, მაგრამ ისეთი ძლიერი ყინვებია, როგორც მხოლოდ ჩრდილოეთის ქვეყნებში იცის. დილის ქუჩაში ხილ-ბოსტნეულით დახუნძლულ ურიკას მოაგორებს ნინა, რუსი ემიგრანტი ქალი, მთელი ხმით გაყვირის და ცალ თვალს ჩემი აივნისაკენ აპარებს, დღეს დილას მეც შემცივდა, თუმცა მაინც გავბედე აივანზე პლედშემოხვეულმა გამოსვლა.
  “გამარჯობა ნინა“
  “ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ ქალბატონო, როგორ ბრძანდებით?“
  “დღევანდელი დღესავით, ბროწეული გაქვთ?“
  “ბროწეულიც მაქვს და ყველაფერიც“
  “ცოტა ხანს დამელოდე, ჩამოვალ.“
 სახლში დილის ჩვეული სიჩუმეა, ამომავალი მზის სხივებზე მტვრის ბურთულები ცეკვავენ, მადუღარა შიშინებს ადუღების წინ, მრგვალ მაგიდაზე დაკუჭული კუპიურები და ხურდებია დახვავებული
  კიბეზე მოკლე, ნელი ნაბიჯებით ჩავდივარ, მახსოვს ის დღე პეტერმა პირველად რომ მომაკითხა სახლში, იმ გაჩეჩილმა ბიჭმა ათვალწუნებით რომ ვუყურებდი
 ყვავილები შენმომაჩეჩა ყვავილების თაიგული
 ვიცნობთ ერთმანეთს?“
 მაშინ ისეთი დაბოღმილი ვიყავი რაღაცაზე, წესიერად არც ველაპარაკე
არა... უფრო სწორად კი... რამოდენიმე ხნის წინათ შევხვდით ქუჩაში, მაშინ მარიკა დაგიძახე, გახსოვთ?“
 
  ნამდვილად არ მახსოვდა, მაგრამ, იმ  საღამოს ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ  მაინც დამითანხმა და რესტორანში დამპატიჟა, მეთოთხმეტე რაიონში, გუნდელების რესტორანში, იმავე სახელწოდების ქუჩაზე, ზუსტად მახსოვს რომ მარტო ჩემს ულუფაში 85 ათასი ფორინტი გადაიხადა.
  ქუჩაში მომნუსხველი სიცივეა, რამოდენიმე ჩაფუთნულ მეზობელს ურიკის გარშემო მოუყრია თავი და ამინდზე ლაპარაკობენ.
  “დილა მშვიოდობის!“ ვესალმები მშვიდად და მათგანაც შემკრთალ გამარჯობას ვიღებ, არ მეგონა ასე ცუდად თუ გამოვიყურებოდი
 “მარია როგორ ხარ?” მეკითხება ანოკა, ჩემი გვერდითა მეზობელი
 “ვცდილობა კარგად ვიყო დეიდა ანოკა, თქვენ ხომ კარგად?“
 “ოღონდ შენ იყავი შვილო კარგად, მე ისედაც ვბერდები… საღამოს გესტუმრები ჩემი ვაშლის ნამცხვრით”
   სამეზობლოს დღის საჭორაო თემა მე ვარ, ალბათ მოკვდებიან ჩემი შეცოდებით და იმის გახსენებით რამდენი კაცი დადიოდა ჩემთან საეჭვოდ
 “შენი ხილი გავამზადე“ მეუბნება ნინა და ქაღალდის პაკეტს მაწვდის “ექვსას ორმოცდაათისაა”
 “მადლობ… ნახვამდის, შენი ოჯახი მომიკითხე“
 ჩემს სახლთან ტაქსი გაჩერდა და ერთმანეთის მიყოლებით გადმოვიდნენ ქალი მამაკაცი და მძღოლი.
  ქალი ოდნავ ჩამრგვალებულია, გადატკეცილ სახეზე სიბერის ნაოჭები გაჩენია, სქელი პალტო ბოლო ღილამდე შეუკრავს და ზემოდან ჩემი ნაჩუქარი ბურბერის შარფი მოუხვევია,  რაღაცას ებუზღუნება მაღალ, შევერცხლილთმიან კაცს, რომელიც მძღოლს საბარგულიდან ჩანთის ამოღებაში ეხმარება, თან რაღაცას ეუბნება დამტვრეული ინგლისურით
“მატკა! ოტეცკო!” -ვიძახი ტირილნარევი ხმით და ფეხათრევით მივრბივარ მათკენ
“მარიკა, ჩემო საყვარელო” ოცრემლება დედაჩემიც და გულში მიკრავს “ჩემო საწყალო მარე”
   მეზობლებო დაინახეთ! მე უპატრონო არ ვარ, მე მშობლები მყავს, რომლებიც ჩემთან იქნებიან ყველა ჩხუბის და გულისტკენის მიუხედავად. მე საკუთარი დედა მყავს, რომელიც უსაყვედუროდ გამომიცხობს ვაშლის პეროგს ყოველ საღამოს, მომიმზადებს ჩაის და ძილის წინ საბანს შემომიკეცავს

No comments:

Post a Comment