Friday, August 9, 2013

ფიქრი მეთვრამეტე


 ცხოვრება უაზრობაა, ხდება ისე რომ ერთ მდგომარეობას რომ შეეჩვევი მოდის და თავდაყირა გიყენებს ყველაფერს, ფიქრებს, გრძნობებს.
  აგერ უკვე ოთხი, თუ ხუთი თვე გავიდა იმ საღამოდან პეტერთან რომ ვიყავი. უკეთესად ვარ, გადმოვლაე შიზოფრენიის ზღვარი და თავით გადავეშვეი ძველ ცხოვრებაში, სადაც ზუსტად ისე მელოდნენ ძველი ნივთები როგორც დავტოვე და გამიხარდა რომ როგორც იყო თავი დავაღწიე უსაშველო სევდას და დეპრესიას, ვთქვი რომ პეტერი, რომელმაც ამხელა შეურაწყოფა მომაყენა საერთოდ ამომეგდო თავიდან, დამევიწყებინა ყველაფერი რაც მასთან მაკავშირებდა, გადავწყვიტე გამექრო ის ჩემი სამყაროდან და თითქმის გამომივიდა, მაგრამ…
   დღეს, სამსახურის მერე, სანამ მქრალი მზე ისევ ათბობდა ბუდაპეშტს მომინდა პარკში გავლა და მზეს მიფიცხება, თვალდახუჭული ვიჯექი ქვის სკამზე და აიპოდს ვუსმენდი. უცებ აშკარად ვიგრძენი რომ ჩემს წინ ვიღაც ჩამოდგა, თან ისე ახლოს რომ სუნთქვასაც კი ვგრძნობდი მისას.
  გავახილე თვალები, ჯერ მხოლოდ ფეხები დავინახე და მივხვდი რომ ის იყო… ზუსტად იგივე გრძნობა დამეუფლა როგორც პირველად მასთან გაღვიძების დროს, “ჭიანჭველების დიდი ბუდე ამოძრავდა მუცელში, გულის შიგნიდან ვიღაც დიდ ქვას მირტყავდა და ისეთი ბაგა-ბუგი გაქონდა მომეჩვენა რომ მთელ სამყაროს ესმოდა და ავტომატურად ხელი მივიჭირე ხმაურის დასაფარავად.
ხო, თავზე პეტერი დამდგომოდა, ხელები ზურგს უკან შემოეწყო, მიყურებდა ღიმილით, ურცხვად  თითქოს არაფერი მომხდარა, თითქოს არავითან სინდისის ქენჯნას არ გრძნობდა ჩემს მიმართ, თითქოს მე გული არ მატკინა, არ მომკლა და თავისი სახლის სასტუმრო ოთახში არ დამმარხა მისავე გვერდით.
 “გამარჯობა” თან მიღიმის,
 წამით მეგონა რომ გავგლეჯდი, ისეთი მდგომარეობა მქონდა გულში, ამის სანაცვლოდ:
“გაგიმარჯოს”
“როგორ ხარ?” ისევ ისე დგას და ისევ ისე მიღიმის და რა უნდა რომ ამაზე წამოვეგო? მის ღიმილზე? რატო? იცის რომ ასე მიყვარს ალბათ.
 “კარგად, შენ?”
“მეც კარგად, ცოტა არაჯანსაღად გამოიყურები”
“მართლა, ალბათ რამე მჭირს” ფეხზე არ ავმდგარვარ  მეც როგორც შემიძლია ურცხვად ავყურებ, მოჭუტული თვალებით.
“ვინმეს ელოდები?”
“კი, ლუსიანას”
ცოტა ხანი ისე იდგა, უხმოდ.
“კარგი, მაშინ კარგად”
“კარგად”
  მიდიოდა ნელა, დინჯად, ჩვეულებისამებრ და მე ვბურტყუნებ
“ოღონდაც მობრუნდეს, ოღონდაც მობრუნდეს…”
მაგრამ არ მობრუნდა, წავიდა და ჩემგან ოდნავ მოშორებით სკამზე ჩამოჯდა თავის მეგობრებთან ერთად რომლებმაც შორიდან ხელი დამიქნიეს.
   მე სად ვარ…. კვირაობით ნალოლიავებ სიმშვიდეს ერთი ხელის მოსმით გადაესვა ხაზი და ისევ იმ უკიდეგანო უდაბნოში აღმოვჩნდი,  ცრემლები მომაწვა  და მერე უცებ იხეთქა უხმო ტირილად… არასოდეს, არასოდეს კაცის გულისთვის არ მიტირია და ეხლა ვტირივარ, არა, არ მივტირივარ პეტერს, მხოლოდ ჩემს  თავს დავტირივარ, იმას, რომ ამხელა დამცირება გადავიტანე მისგან, ერთხელ აგერ უკვე ორჯერ და მე მაინც მიყვარს მაინც მინდა რომ მობრუნდეს და დამელაპარაკოს ვიცი რომ მივიღებ უთქმელად, აუხსნელად…
   ვზივარ, ვტირივარ და ვერ ვფიქრობ რომ მიყურებს, ვერც ის მომიხერხებია სხვაგან გადავჯდე:
  “მარეე, სად დამჯდარხარ ძლივს გიპოვე” შორიდან მეძახის ლუსიანა
შემომხედა და უცებ მოვარდა
“რა გჭირს, რა მოხდა”
 “იქით… არ მიიხედო ჯერ… პეტერი ზის”
“ჰაა, საად?”
“იქით, ძეგლთან.”
“რა გითხრა, რატო გატირა”
“ზუსტად იმიტო მატირა რომ არაფერი მითხრა, მომესალმა და მომიკითხა, აზრზე ხარ?!”
“უსირცხვილო!” და ჩემი თავი გულშ ჩაიკრა
   უცებ დავმშვიდდი, არ ვიცი რატომ, მომინდა რომ არ    დაენახა ჩემი სუსტი, მხარე რომ მისით ასე ვიყავი შეპყრობილი და სიცილი დავიწყე, ვიცინოდი ყველა უაზრობაზე რასაც ლუსიანა ამბობდა, თვალს ვაყოლებდი ყველა ბიჭს რომელიც წინ ჩაგვივლიდა, ხანდახან მისკენაც მეპარებოდა თვალი და ვხედავდი რომ მასაც, მაგრამ რა აზრი ქონდა ყველაფერ ამას?!
 ლუსიანამ აღარ დამაცადა იმ საღამოს ცოტა დავფიქრებულიყავი მომხდარზე, საღამოს ჩვენ და იოსი ბოულინგზე წაედით, იქიდან ბარში და სახლში მისული ისეთი გათანგული ვიყავი დავწექი თუ არა მაშინვე დამეძინა.

No comments:

Post a Comment