ცუდად შემომაჭდო თავისი რკინის მარწუხები მთების წვერებზე თეთრ ჯარად გადმომდგარმა ზამთარმა, სადაცაა შემოიპარება ქალაქში და არავის ანაღვლებს ეს.
გუშინ წვიმაში მომიხდა დაბრუნება, საწვიმარიც არ მეფარა. გაწუწული და შემცივნული მივედი სახლში... „გავსურდოვდი“, თან ისე რომ ცხელმა აბაზანამაც არ მიშველა.
დირექტორს ვუთხარი რაც მჭირდა და ჩემს უთქმელადაც კარგად მიხვდა რომ არ უნდა წავსულიყავი სამსახურში.
მეორე დღეს სულ მეძინა ბალიშებში და საბნებში ჩაფლულს, გავიღვიძებდი, დავლევდი წამლებს და ისევ მეძინებოდა, დღის ბოლოს ავდექი, თუმცა სახლს არ გავცილებივარ.
ავავსე სახლი მოძველებული რადიოს ჟღრიალა ხმებით...
ყავა...
ვახშამი...
არც ისე ხშირია ამ ქალაქში შუქის ჩაქრობა, ქარის ბრალია ალბათ, უკითხავად რომ დაშლიგინობს ქუჩებში.
სახლში ჩამოწოლილი სიჩუმე მაღიზიანებს, დუმილის დამარეტიანებელი დარტყმები სადღაც,სახლის მიღმა მისტუმრებს, მე კიდევ ჯიუტად ვცდილობ ჩემს ადგილას დარჩენას.
კი არ დავდივარ-დავფორთხავ, ფეხები მეკეცება. ვგრძნობ ჰორიზონტზე კილიმანჯაროს თოვლიანი მთაც გამოჩნდება მალე. ვავლებ ოთახს თვალს - დალაგებულია.
კედელთან მიდგმული მაგიდა-მიწისთხილით და წაბლით სავსე ბროლის ვაზით, აქეთ-იქიდან ორი სავარძელი, ერთი ჩემი და მეორე „სხვა“, რომელიც დიდი ხანია ელოდება ჩემს თანამეინახეს, მაგიდის მეორე მხარეს ის იჯდება, ყავას რომ მოვხვრეპ და წარბქვეშიდან ღიმილით შევხედავ მას.
ყველაფერი თავის ადგილზე დგას, ბრინჯაოს სტატუეტებიც, სურათის ჩარჩოებიც წიგნებიც...დედამიწაზე ყველაფრისთვისაა ადგილი, მხოლოდ ადამიანები არიან ზედმეტი ყველგან.
იმის მიუხედავად, რომ უკვე შეგნებული მაქვს მალე, ჩემს მერე აქაურობა უსათუოდ დაინგრევა,მაინც ვცდილობ ყოველთვის რაღაც ახალი შევმატო ჩემს სახლს - სიკვდილის ბუნაგს...
ტელეფონის ზარმა, რომელიც ბალიშებიდან მოდიოდა წამის მეათასედებში დაამსხვრია სიჩუმის დაბურული ფარდა.
„გისმენთ“
„მარია კანე ხარ?“
„დიახ!“
„იოსი ვარ, გაზეთიდან“
„იოსი.. იოსი... მაღალი და გაბანჯგვლული -ჩავიბურტყუნე მშობლიურ ენაზე - კი, გიცანი“
„დღეს რედაქციაში არ ყოფილხარ“
„ველოსიპედით წინ და უკან სირბილში გავცივდი და...“
,,მისმინე, რამეს აკეთებ?“
,,კი, ვდგავარ და ვფიქრობ რა გავაკეთო“
,,მოდი ჩემთან, წვეულებაა!“
,,რამეს ვზეიმობთ?“
,,არა, ისე, მეგობრების რიგითი შეკრება, ლუისიანამ მირჩია შენი თავი“
,, მანდაა? არ ვიცი, მოვალ ან არა“
,, ძალიან კარგი, გელოდები, გოეთეს #12 მე-3 სართული“
პასუხის გაცემა არ დამაცადა, ისე დამიკიდა ყურმილი. აი კიდევ ერთი შემთხვევა„დავალებისა“ გინდა, არ გინდა უნდა წახვიდე.
ქვეცნობიერმა მაიძულა თორემ სად მქონდა იქ წასვლის თავი.
სქლად ნაქსოვ სვიტერზე სქელი ჟაკეტი მოვიცვი, აგებში წავყაი ფეხი და კისრისტეხით დავეშვი კიბეზე, ალბათ ეს იყო ჩემს სხეულს რაც აკლდა, თორემ არ გამოხატავდა ემოციებს ასე.
რუხი ღრუბლებით გადაფარული ცარგვალი ალვის ხეების წვერებს შეერთებია, აშკარად იგრძნობა ზამთრის სუსხი, ეხეთქება ვიტრინებს, ფანჯრებს, მანქანებს.
ისე სწრაფად მიმიყვანა ტაქსიმ გოეთეს ქუჩამდე, წესიერად ჩაფიქრებაც ვერ მოვასწარი...
ყველაფერი ეთქმოდა იმ სიტუაციას წვეულების გარდა, მეთქი დასაფლავებაზე ვარ. ოთახის ერთ კუთხეში რამოდენიმე ბიჭი ლუდს სვავდა და ლაპარაკობდა. დივანზე მჯდომი სამი გოგონა კი უხმოდ ჭამდა ერთმანეთს.
ჩემი ოთახში შესვლით ორს- იოსს და ლუსიანას - გადაეფინა სახეზე ღიმილი. დაირღვა უხერხული სიჩუმე:
,, მარია, რა კარგია რომ მოხვედი, გელოდებოდი“-მომეგება იოსი
მერე რიგ-რიგობით გამაცნო იქ შეკრებილი საზოგადოება, ყურადღება კი უკანასკნელმა მიიქცია, გამიკვირდა რომ ზუსტად ის ბიჭი იყო, რომელსაც გმირთა მოედანზე ვხვდები ხოლმე გიტარით ხელში. ყურებმა ისე დამიწყო შხუილი მისი სახელიც კი ვერ გავიგონე, სამაგიეროდ მისი ხელის შეხება მახსოვს, რბილი, ნაზი ანტიმამაკაცური ხელი ქონდა.
ადრე, ღრმა ბავშვობაში ისე ვიყავი ოცნებით გატაცებული ბოლოს ზღვარსაც ვერ ვავლებდირეალობას და ილუზიას შორის, ახლა კი ამ ‘’ფაფუკმა’’ ხელმა ისევ გამიჩინა ოცნებებში ჩავარდნის სურვილი, მის ტკბილ-მწარე ბურუსში გახვევის მწვავე სურვილი.
ჩემი მისვლის მერე ბევრი ვერაფერი შეიცვალა, ბიჭები ისევ იდგნენ ფანჯარასთან დალაპარაკობდნენ, გოგოები ისევ დივანზე ისხდნენ და გადადებულ ფეხებს ყოველ წამში ანაცვლებდნენ ერთმანეთს. ლუსიანა გაბმულად ზუზუნებდა რედაქციაში მომხდარი ამბის შესახებ, თუ როგორ გაანთავისუფლა ბუშემ თავისი საყვარელი მდივანი ქალი.
უცებ ავდექი, იოსს ხელით ვანიშნე გამომყოლოდა და სამზარეულოში გავედი. ოთახი იყო პატარა, თაგვი კუდს ვერ მოიქნევდა, გადაჭედილი იყო საჭირო თუ უსარგებლო ნივთებით და აშკარად აკლდა კაცის ხელი.
-რისთვის მელოდებოდი იოს?
-რამე ხომ უნდა მეთქვა..
-მაშინ ასე გკითხავ, რისთვის დამპატიჟე?
-მართალი გითხრა მეგონა შენ მაინც მოახერხებდი ხალისის შემოტანას.
-და მე რა შუაში ვარ? წესიერადაც არ მიცნობ და არა მგონია სამსახურშიც „ამღების“რეპუტაცია მქონდეს, აქ კიდე პანაშვიდი უფროა ვიდრე წვეულება
-აბა რა ვქნათ?
-რამე, სასმელი ხშირად ვერ აყენებს კაცს ხასიათზე, ჩართე მუსიკა ან თხოვე შენს მეგობარს დაუკრას
-რომელს?
-არ ვიცი სახელი, ჭრელი პერანგი რომ აცვია იმას
-რაფაელს?
-ფრანგია? ფუფ ბაყაყიჭამია... ხო რაც ქვია
-არაა ფრანგი, ზოგი მეც დღეს გავიცანი, კაი უჟმური ხალხია, მომეხმარე რა...
მუსიკამ სიტუაცია ბევრად გამოასწორა, გენდერული ბალანსი აღდგა და წყვილებმა ისე უცებ გამონახეს საერთო ენა გამიკვირდა. ზოგმა ცეკვაც კი დაიწყო, გახარებული მასპინძელი ლუდის ბოთლებს დაარბენინებდა აქეთ-იქით.
ყველაზე ნაკლებად ცეკვა მინდოდა, ჩემთვის ყველაზე მოხერხებულ ადგილას კი იოლად მივაგენი, გამათბობლის ზემოთ, ფანჯრის რაფაზე. ოთახში შეკრებილებში კი რაღაც ადუღდადა გადმოიფრქვა, როკავდნენ, როგორც ინდიელთა ტომი რიტუალის დროს, თან გაუგებარ წამოძახილებს ისროდნენ. რაღაც იფრქვეოდა-ვულკანი, რომელიც ბუღს და მტვერს ოთახში ფანტავდა, მე კიდე ეს ისე მაღელვებდა, როგორც მათ მინაზე წვიმის წვეთების რაკუნი, ჩემსა და მათ შორის მინის უხილავი კედელია აღმართული, რომლის დამსხვრევასაც არ თუ ვერვახერხებ.
ისე, თანდათან ვრწმუნდები უნგრეთი წვიმიან ალბიონს არაფრით ჩამოუვარდება და მეც ისემივეჩვიე ამას, აღარ მაკვირვებს.
წვიმს. ცივია ნოემბრის წვიმა არა მარტო სხეულისთვი, სულისთვისაც. ამ სიცივეს ვერ აკავებს ვერც ორმაგი მინა და ვერც კედლები, მაფორიაქებს, ყველაფერს თავდაყირა აყენებს ჩემში.
შუა ღამისას დავიშალეთ, იოსმა თავი გაიგიჟა და მაინც გამომაყოლა მთვრალ ბაყაყიჭამიას,ისე რომ გზაში სულ არ დავლაპარაკებივარ, ბოლოს კი ლუღლუღით მითხრა, ხვალ შევხვდებითო.
სანამ რაფაელი ჩემთვის მიუწვდომელი იყო მხიბლავდა ძალიან, რაღაც იდუმალი ძალა მიზიდავდა. ახლა, თითქოს აორთქლდაო ეს გრძნობა, მომინდა სულ არ შევხვედროდი იოსთან და ყოველ დილით გმირთა მოედანზე გავლისას მასთან დალაპარაკებაზე მეფიქრა.
სახლში ცოტა არ იყოს ციოდა, კარგად ვიცოდი, რომ ამ სიცივეში მკვდრის, მიცვალებულის რაღაც ნაწილი იყო, თუმცა ხრწნის სუნი არ იგრძნობოდა, მაგრამ ის სულიერი გახევება,საშინელი, ყინულივით ცივი უგრძნობლობა სახლში რომ გამეფებულიყო, წინასწარაღმითქვამდა სიკვდილის მოახლოებას.
იმ ღამეს, სერიოზულად შემეშინდა სიმარტოვის და ღამის, შიშს დიდი, ყვითელი თვალები ჰქონია, რადიატორის შხუილი გამაძლიერებლებში მესმოდა, მატარებლის ყოველ ამოკივლებას კი თან ვატანდი ჩემს სულს. ისე მეშინოდა, ვერც მივხვდი როდის დამეძინა.
No comments:
Post a Comment